საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება - ლევან მეხუზლა
საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ დღეს გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ფასები ასეთი იქნება: მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი; 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითლის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;
დაბალკონდიციური ყურძენი:
16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;
„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტობრივად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა
22.09.2026.17:03
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, ელიზაბეტა ფალჩეტის, რომელიც საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, თომას კაირისმა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიკავა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და EBRD-ის დელეგაციის წევრები.
ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში მხარდაჭერილი პროექტებისთვის, განსაკუთრებით, კერძო სექტორში.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ტენდენციები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სუვერენული და კერძო სექტორის პროექტების მიმართულებით.