საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.
რაც შეეხება უშუალოდ შეტყობინება/უწყების ჩაბარების წესს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ წვევამდელისთვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.