საქართველოს მზარდი როლი შუა დერეფანში აძლიერებს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭის რანგში - ADB-ის პრეზიდენტი
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე:
დღეს ჩამოვედი თბილისში. აეროპორტში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ეკატერინე გუნცაძე დამხვდა.
მომავალ წელს ჩვენი პარტნიორობის 20 წლის იუბილესთან ერთად, საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს მნიშვნელოვანი მომენტი დაუდგათ, რათა მიღწეული წინსვლა გააანალიზონ და მომავალზე იფიქრონ.
საქართველოს მზარდი როლი შუა დერეფანში აძლიერებს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭის რანგში.
ამ ვიზიტის დროს, მოუთმენლად ველი მთავრობის ლიდერებთან შეხვედრას იმის შესახებ სასაუბროდ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას - კრიტიკული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, კერძო სექტორში ინვესტიციებით დამთავრებული და ამავდროულად, გავაუმჯობესოთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი.
სხვა სიახლეები
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება - მიხეილ სარჯველაძე
12.10.2026.15:26
„დევნილთა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.
სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.
„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.