საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, მოტივირებული ადამიანური რესურსის მოზიდვის მიზნით, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი), მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 196 ვაკანსია ცხადდება.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ-გვერდზე vacancy.hr.gov.ge წარდგენის ვადად განისაზღვრულია 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს და სწავლება პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.
შერჩევის აუცილებელ კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.7-4.0 ხოლო ქულათა სისტემის მაჩვენებელი - 71-100 ქულათა). თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატს.
აქვე გაცნობებთ, რომ სტაჟირების კანდიდატს - არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, მან უნდა მიუთითოს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას განახორციელებს შემოსავლების სამსახური აპლიკანტის მიერ, მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს აპლიკანტს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა. მსურველმა, ასევე უნდა ატვირთოს პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს სამოტივაციო წერილი. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავებისა და იურიდიულ დეპარტამენტებში განაწილებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის მიმართულება), აუდიტის დეპარტამენტში - ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური მეცნიერებები (ეკონომიკა), ხოლო ანალიტიკურ დეპარტამენტში მოხვდებიან რაოდენობრივი ანალიზის სპეციალობის მქონე სტუდენტები (ცოდნა - სტატისტიკისა და მათემატიკის მიმართულებით).
შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება - საბუთების გადარჩევა და საკონკურსო კომისიის წევრებთან გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ სტაჟიორად მიღების შემდეგ, სასწავლო პროცესთან სტაჟირების შეთავსების მიზნით, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სპეციალური დასწრების გრაფიკით ისარგებლოს.
შემოსავლების სამსახური ყველა სტაჟირების მსურველს წარმატებას უსურვებს კარიერულ წინსვლასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს - რევაზ სოხაძე
17.10.2026.22:21
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამუშაოების შესრულება და მოსახლეობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა.
მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე, სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობასა და სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
რევაზ სოხაძემ გრიგოლეთის მონაკვეთზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამო კომპანიას კონსტრუქციის დემონტაჟი და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მოუწია.
„ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც საუბრობდით, ამჟამადაც აწარმოებს სამუშაოებს. მის მიერ გრიგოლეთის მონაკვეთზე აშენებული სახიდე გადასასვლელი ჩვენმა ხარისხის კონტროლმა დაიწუნა. კომპანიას მოუწია მისი დანგრევა და ახლა ახალს აშენებს. ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება, რომ სამუშაოები უმაღლესი ხარისხით შესრულდეს“ -განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხი მხოლოდ კონკრეტული კომპანიების დასახელებით არ შემოიფარგლოს. აუცილებელია ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობასა და ობიექტურობას, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას.
რევაზ სოხაძის განმარტებით, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევა დადგენილი წესებისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, რაც კორუფციული რისკების შემცირებასაც ემსახურება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენი ბაზარი და სატენდერო პროცედურები ღია უნდა იყოს ყველასთვის და ყველა დაინტერესებულ კომპანიას მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამასთან, ღიად ვაცხადებთ, რომ ქართულ კომპანიებს ვგულშემატკივრობთ. საკანონმდებლო დონეზე უკვე მიღებული გვაქვს და მომავალშიც ვაპირებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მათ ტენდერებში მონაწილეობას გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ვერავინ გაბედავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საკითხი ნაწილობრივ მოგვარდა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
სატელევიზიო დებატებისას რევაზ სოხაძემ კობი-ქვეშეთის საავტომობილო გზის პროექტიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტია. მისი თქმით, უკვე აშენებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, ხოლო პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომლის სიმაღლე 166 მეტრი, სიგრძე კი 400 მეტრია.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთ უცხოურ კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის საწყის ეტაპზე არსებობდა უკმაყოფილება მისი საქმიანობის ორგანიზებისა და სამუშაო პროცესის მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი მკაცრი მიდგომისა და აქტიური მუშაობის შედეგად კომპანიამ გუნდი სრულად შეცვალა, რამაც სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.
„როდესაც პირველად ჩავედი ამ ობიექტზე, ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც მიუღებელი იყო კომპანიის დამოკიდებულება და მუშაობის ფორმა. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მკაცრი მიდგომა გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ კომპანიამ გუნდი მთლიანად შეცვალა. ახლახანაც ვიყავი ობიექტზე და მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. კომპანია იგივეა, თუმცა შეიცვალა მისი მიდგომა და მუშაობის ხარისხი. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც კომპანია ხედავს სახელმწიფოს მკაფიო და პრინციპულ დამოკიდებულებას, მას შესაბამისი რეაგირება უწევს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს სამუშაოების ხარისხი და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.