საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის
თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
„მთის ტრასების სააგენტო“ ახალ პრემიუმ აბონემენტს წარადგენს
13.11.2026.16:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს პრემიუმ სკიპასს სთავაზობს. მისი მფლობელები მთელი სასრიალო სეზონის განმავლობაში ოთხივე კურორტის საბაგიროებით ისარგებლებენ, გუდაურში კი „პირველის“, „სოლიკოს“, „გუდაურასა“ და „ახალი გუდაურას“ საბაგიროებზე მათთვის Fast Track სერვისი - დამოუკიდებელი შესასვლელები ულიმიტოდ იქნება ხელმისაწვდომი.
20 ნოემბრიდან mta.ski-ზე, MTA-სა და Visa-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ახალი სეზონური მულტისკი აბონემენტები გაიყიდება, რომელთა შეძენისას მომხმარებლები პრემიუმ აბონემენტს მიიღებენ.
ზამთრის სეზონიდან აბონემენტების განახლებული ტარიფები ამოქმედდება. საფასო პოლიტიკა კურორტების მდგრად განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და სრიალის შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის განსხვავებული ტარიფებია გათვალისწინებული, ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი პირობები. რაც შეეხება სპორტული სკოლების აღსაზრდელებს, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე მათთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი ტარიფი ბავშვთა ერთდღიანი აბონემენტის სტანდარტულ ფასთან შედარებით.
ფასებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება mta.ski-სა და ,,ემ თი ეი“-ს ოფიციალურ სოციალურ არხებზე.