საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია შედიოდნენ, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვის ეტაპს დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა. როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მზადების პროცესში ძალიან დიდი სამუშაოები განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრები გაემართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და მათთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ემსჯელა. ასევე გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.
სხვა სიახლეები
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
14.07.2026.17:32
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.