საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია - Norwegian Air Sweden შემოდის
2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო, 15 აგვისტოდან - ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
კოპენჰაგენი - თბილისი - კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებას მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებისკენ.
სხვა სიახლეები
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
21.08.2026.09:46
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 32 გრადუსამდე დათბება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში 24-25 აგვისტომდე შენარჩუნდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ძირითადად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში 30-32 გრადუსის ფარგლებში იქნება.
„დღეისთვის. მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უნალექო ამინდი ძირითადად გაგრძელდება დასავლეთ საქართველოში 24 რიცხვამდე, ხოლო, აღმოსავლეთში 25 რიცხვამდე“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.