საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს.
თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. გეკა გელაძემ დავით არჩვაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დავით არჩვაძეს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც გენერალური ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დავით არჩვაძემ სოსო ობოლაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა.
სხვა სიახლეები
გოგა გულორდავამ პარლამენტში ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსურ კვლევაზე ისაუბრა
22.09.2026.16:23
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის 2025 წლის ეტაპი და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი, რომელიც საკომუნიკაციო ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზრის ანალიზს მოიცავდა. კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი არსებობს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ბაზარზე მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩო კონკურენციის განვითარებისთვის საკმარისი არ არის და დამატებითი რეგულაციებია საჭირო.
„ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზრის კვლევა ორ ცალკეულ სეგმენტს - საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვებასა და ბოძებზე დაშვებას მოიცავდა. პირველადი შედეგების მიხედვით, საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების ბაზარზე ერთ-ერთი ოპერატორი პოტენციურად გამოყენებადი ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70%-ს ფლობს. საკომუნიკაციო ბოძებზე დაშვების ბაზარი კი კონკურენტულად იქნა მიჩნეული, რადგან ელექტრო და გარე განათების ბოძებზე დაშვება „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით უკვე რეგულირდება.
კვლევის ფარგლებში საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების საბითუმო ბაზრებზე გამოვლენილ გამოწვევებს შორის დასახელებულია ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, კონკურენციის ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის დომინანტი მესაკუთრის პოზიციის გაძლიერება და არსებული რეგულაციების ნაკლები ეფექტიანობა.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
გულორდავას თქმით, კვლევის ექსპერტებმა ბაზრის ეფექტიანი რეგულირების მიზნით ComCom-ს რეკომენდაციები მისცეს. რეკომენდებული მიდგომები მოიცავს გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფას, დაშვების პროცედურის სტანდარტიზაციას და კომისიისთვის დაშვების პროცესის მონიტორინგისა და საფასო რეგულირების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობების შექმნას.
„კომპლექსური კვლევის ფარგლებში შესწავლილია ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარზე იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული კორპორატიული პირობებიც. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა იურიდიული პირებისგან ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები, მათი შერჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები და სირთულეები, რომლებსაც მომხმარებლები პროვაიდერის შერჩევის პროცესში აწყდებიან.“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.
ანგარიშის თანახმად, კვლევის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები კვლევის დასრულების შემდეგ შეფასდება. ComCom-ი იმსჯელებს ექსპერტების შეფასებებსა და რეკომენდაციებზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„კვლევით განსაზღვრული რეგულაციის მიზანია, ბაზრის მცირე მოთამაშეებსა და ახალ კომპანიებს საქმიანობის განვითარების და ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ. ამასთან, ქსელის მფლობელ ოპერატორებს საკუთარი ქსელის შესაძლებლობების უკეთ ათვისებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ. საბოლოოდ ეს მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ციფრულ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
ComCom-ის თავმჯდომარის თქმით, კომპანიებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის მომსახურებების საცალო ბაზრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, 2026 წელს დაგეგმილია შესაბამისი საბითუმო ბაზრის - ფიქსირებულ ქსელზე მაღალი ხარისხის წვდომის - ანალიზი. კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში შესასწავლ ბაზრებთან დაკავშირებით ComCom-ი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს გამართავს და კომპანიებისგან მიღებული უკუკავშირის განხილვის შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ამასთან, ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ კომპლექსური კვლევის ფარგლებში დაწყებულია კიდევ ორი საბითუმო ბაზრის შესწავლა: IP ტრანზიტის, ე.წ. გლობალური და ლოკალური ინტერნეტ კავშირის საბითუმო ბაზრისა და მაგისტრალური და დასახლებებს შორის არსებული, ე.წ. Backhaul გამოყოფილი არხების საბითუმო ბაზრის. ამ ბაზრების შესწავლა და შედეგების შესაბამისად მარეგულირებელი ჩარჩოს განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიქსირებული ქსელის მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის.
გულორდავას განცხადებით, კვლევის პირველი ეტაპის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, ComCom-ი გეგმავს ფიქსირებულ და მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფების გაანგარიშებას. ასევე გაგრძელდება მუშაობა ფიქსირებულ და მობილურ ქსელზე დაშვების მსურველებსა და ქსელის ოპერატორებთან ოფერტების პირობებზე, რათა პირობები ორმხრივად სასარგებლო და დაშვება რეალურად განხორციელებადი იყოს.