საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან - გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი
"ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. მასთან ვისაუბრეთ არა მხოლოდ მხარდაჭერაზე, რომელსაც გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია მომავალშიც გაუწევს საქართველოს, როგორც ორგანიზაციის აქტიურ წევრს, არამედ ხაზი გავუსვით ქვეყნის საზღვაო სექტორში მიღწეულ პროგრესს, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან," - განაცხადა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს წარმატებული მონაწილეობა IMO-ს ეგიდით მიმდინარე პროექტებში. საუბარი წარიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და რეფორმებზე, აგრეთვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ გაზრდიან საქართველოს, როგორც საზღვაო სატრანსპორტო ქვეყნის როლს რეგიონში. ასევე აქცენტი გაკეთდა ქართველ მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების სისტემაზე.
გაეროს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს და არსებულ პროგრესს და ქვეყანას სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს როგორც გაეროს ორგანიზაციის, ისე საზღვაო ადმინისტრაციების საქმიანობა და საზღვაო სექტორის გაუმჯობესების პერსპექტივები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.