საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის ფარგლებში მრავალსექტორული შეხვედრები შედგა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომლის დროსაც იტალიური საკონსულტაციო კომპანიის HIDRIA Ciencia Ambiente y Desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენებთან შავი ზღვის სანაპირო ზოლის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმა მიზნად ისახავს სანაპირო არეალის სახმელეთო და საზღვაო პოტენციალის განვითარებას. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment Program) ფარგლებში ხორციელდება.
მრავალსექტორული შეხვედრების დასრულების შემდეგ, საკონსულტაციო ჯგუფი პროექტის პირველი ეტაპის კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებს შეაჯამებს, რის საფუძველზეც პროექტი მეორე ეტაპზე გადავა. ჩამოყალიბდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის განვითარების ხედვა და სტრატეგია.
შეხვედრას ოზურგეთში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეშვილი და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment Program) ქალაქმგეგმარებელი ელენე მაჩაიძე დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.