საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება — საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა.
Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე.
პლატფორმა აქტიურად გამოიყენება ეკოსისტემების წარმოჩენისა და ვიზუალიზაციისთვის, სტარტაპებისა და მასშტაბირებადი კომპანიების მონაცემთა ეფექტური მართვისთვის, საერთაშორისო ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდების იდენტიფიცირებისთვის, ბაზრის უახლესი ტენდენციების დეტალური ანალიზისა და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის საერთაშორისო ხილვადობის გასაზრდელად.
აღნიშნული პარტნიორობა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შექმნას სტარტაპ ეკოსისტემის ერთიანი, გამჭვირვალე და სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია.
ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული სტარტაპების საერთაშორისო ცნობადობას, გაამარტივებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს და დაეხმარება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შედეგად, კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.
საქართველოს ინტეგრაცია Dealroom-ის გლობალურ პლატფორმაზე არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივ ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემას მსოფლიო კაპიტალთან და გლობალურ ბაზრებთან დააკავშირებს.
სხვა სიახლეები
22-23 სექტემბერს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმს - სემეკის თავმჯდომარე
08.06.2026.15:30
„რამდენიმე თვალსაზრისით, 2026 წელი სემეკისთვის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი პერიოდია“, ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, სემეკი მიმდინარე ზაფხულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორში ახალი საინვესტიციო განაცხადების მიღებას დაიწყებს და მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმებს შეაფასებს.
„ჩვენ მიმდინარე წლის ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში, ვინაიდან წყალმომარაგების სექტორში ჩვენს მიერ დამტკიცებული და შეთანხმებული ინვესტიციების ვადა არის მიმდინარე წლის ბოლომდე. ამიტომაც ჩვენ პერიოდულად უკვე არსებული და ჩადებული ინვესტიციების მონიტორინგს ვახორციელებთ, მაგრამ ამავდროულად შევაფასებთ ამ ჩადებულ ინვესტიციებს და მის ეფექტს და პლუს მომავალ სამწლიან პერიოდზე განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაზე ვიმსჯელებთ, რათა მდგომარეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის სექტორში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება წლევანდელი წელი იმით, რომ 22-23 სექტემბერს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმს, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც აქტუალურ ფაზაშია. უკვე ძალიან ბევრი ენერგეტიკული ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი მარეგულირებელი უწყებები, კვლევითი ინსტიტუტები რეგისტრირდებიან და შესაბამისად აქვთ ინტერესი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაესწრონ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ასევე ჩვენ ეტაპობრივად ვხვეწთ მარეგულირებელ აქტებს, ნორმებს, ვგეგმავთ არა ერთ სიახლეს, მათ შორის მომხმარებელთა ძალიან ბევრი სერვისის ელექტრონულ პლატფორმებზე კიდევ უფრო მეტად გადატანასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო იშვიათად მოუწიოს ენერგეტიკული ორგანიზაციების ოფისში სტუმრობა და მან ყველა სერვისი და შესაძლო ოპერაცია სახლიდან გაუსვლელად შეძლოს. ასე რომ, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება ამ თვალსაზრისით და ვაცნობთ ჩვენს აბონენტებს აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.