საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორეს ისტორიული როლი. მისი ავტორიტეტი, დიპლომატიური გამჭრიახობა, მტკიცე ეკლესიური პოზიცია და საერთაშორისო ავტორიტეტი გადამწყვეტი აღმოჩნდა ავტოკეფალიის სამართლიანი აღიარების პროცესსა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ილია მეორემ შეძლო ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა კონსოლიდაცია და ერთიანობის განმტკიცება, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად. პარტიარქის ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლების გამყარებაში, განათლებისა და კულტურის მხარდაჭერაში, რაც საბოლოოდ აისახა ქვეყნის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში, ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი აღავლინა და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა სტუ-ის პროფესორმა, დეკანოზმა მიქაელმა (მაჭარაძე). მსახურებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თანამშრომლები.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და რჩება სულიერებისა და ზნეობრივი განათლების ერთ-ერთ კერად. მამა მიქაელის თქმით, უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ისტორიული ცნობიერების გაღრმავების, ასევე მართლმადიდებლური კულტურისა და ტრადიციებისადმი პატივისცემის განმტკიცებაში.
„მართლმადიდებლური სწავლება ყოველთვის ეფუძნებოდა ადამიანის ჰოლისტურ განვითარებას არა მხოლოდინტელექტუალური, არამედ ზნეობრივი და სულიერი სრულყოფის გზით. თანამედროვე განათლების სისტემაშიც კი, ეკლესიის მიერ დანერგილი ღირებულებები - ადამიანთა შორის თანასწორობა, პასუხისმგებლობა, პატივისცემა, სოლიდარობა, ჭეშმარიტების ძიება - რჩება უმნიშვნელოვანეს საყრდენად. ამ თვალსაზრისით, მართლმადიდებლობის როლი განათლებაში შეიძლება შეფასდეს, როგორც ფუნდამენტური - იგი ქმნის იმღირებულებით ჩარჩოს, რომლის გარეშეც ცოდნა კარგავს თავის ჰუმანურ დანიშნულებას. ჩემთვის, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორისთვის, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მიდგომები. მადლობა მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის ინიციატივითაც უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 24 წლის წინ დაფუძნდა, დღეს მისი სახელი ეწოდა“, - აღნიშნა დეკანოზმა მიქაელმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის მიზანია, აღზარდოსთაობები, რომლებიც ერთდროულად იქნებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და სულიერი ფასეულობებისმატარებელი ღირსეული მოქალაქეები.
„ამ მნიშვნელოვან დღეს განსაკუთრებული პატივითა და მადლიერებით ვიხსენებთ ახლადშესვენებულ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, რომლის ღვაწლი განუზომელია ქართული ეკლესიისა და საზოგადოებისწინაშე. მისი დამოკიდებულება განათლების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიღრმითა დაწინდახედულობით. ის მუდმივად წარმოაჩენდა განათლებისა და სულიერების განუყოფელ კავშირს; მიიჩნევდა, რომ ცოდნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სულიერ ამაღლებას და საზოგადოების კეთილდღეობას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პატრიარქის ინიციატივითა და მხარდაჭერით არაერთისაგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ვუსურვებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს მშვიდობას, ერთიანობას, სულიერ სიმტკიცესა და გამარჯვებას“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.