საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჯომარდობა-2026“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, „ჯომარდობა-2026“-ში მონაწილეობა 11 ფაკულტეტის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს. სპორტული ღონისძიება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ჩატარდა.
როგორც სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი აღნიშნავს, საუნივერსიტეტო სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი. მისი თქმით, ჯომარდობა-2026-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 60 სტუდენტი იყო ჩართული.
როგორც დავით ლეშკაშელი აცხადებს, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობისა და ექსტრემალური სპორტის გამოცდილებას აძლევს, არამედ გუნდურობის, ურთიერთნდობისა და პასუხისმგებლობის განვითარებასაც უწყობს ხელს. მისი თქმით, ასეთი ღონისძიებები აერთიანებს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, აძლიერებს უნივერსიტეტის ერთიანობის განცდას და ქმნის იმ გარემოს, სადაც სწავლა და აქტიური სტუდენტური ცხოვრება ერთმანეთთან ჰარმონიაშია.
„ჯომარდობა არის ერთ-ერთი გამორჩეული საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთად განიცადონ ექსტრემალური სპორტის გამოცდილება და იმოქმედონ გუნდურად. მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობა ღია იყო წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე და მასში ჩართული იყო 60 სტუდენტი 11 ფაკულტეტიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტუდენტური თვითმმართველობის აქტიურ როლს და რექტორის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების მნიშვნელობას”, - აცხადებს დავით ლეშკაშელი.
სტუ-ის ინფორმაციით შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფი, მეორე ადგილზე გავიდა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტების გაერთიანებული გუნდი, მესამეზე კი - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გუნდი.
სხვა სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადების საკითხზე საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა
11.09.2026.16:44
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს შეხვდა. საორგანიზაციო შეხვედრაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი სამუშაოები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საბაზისო-თემატური გეგმა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციასა და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას. დოკუმენტზე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ მუშაობს.
მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგარ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, სამტრედიის საკრებულოს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, საპროექტო ჯგუფთან ერთად გეგმარებითი არეალიც დაათვალიერეს.