მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

news image
mbc image

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ქართული უნივერსიტეტები მომავალში, რა როლი უნდა შეასრულონ ქვეყნის განვითარებაში და როგორ უნდა უპასუხონ თანამედროვე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხილვა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ახალი რეგულაციების შეფასებით. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც დაკავშირებულია ადამიანებთან - პროფესორებთან, მკვლევრებთან, სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ პერსონალთან და, შესაბამისად, ნებისმიერი სისტემური ცვლილების მთავარი საზომი საბოლოოდ უნდა იყოს ის, თუ რამდენად ქმნის ის უკეთეს პირობებს ცოდნის გადაცემისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და მისი თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სპეციალური მოწვევით - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ უნივერსიტეტები ცვლილებების ხარისხიანად, თანმიმდევრულად განხორციელებას. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რეფორმის პროცესში ერთმანეთთან ორგანულად იყოს დაკავშირებული განათლება, მეცნიერება და ინოვაცია. თანამედროვე მსოფლიოში უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობას მხოლოდ სტუდენტთა რაოდენობა ან საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობა აღარ განსაზღვრავს. უნივერსიტეტის წარმატებას სულ უფრო მეტად განაპირობებს მისი კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობა, ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა და ცოდნის კომერციალიზაციისა და ინოვაციურ პროდუქტად გარდაქმნის შესაძლებლობა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, ვუმასპინძლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს, მინისტრის მოადგილეს ბატონ ზვიად გაბისონიას და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტს ჟოზეფ მ. გარელსა და გენერალურ მდივანს ამანდა კროუფუტს. მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული აკადემიური პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ვფიქრობ, უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს, ამ მიმართულებით აღებული აქვთ სწორი და თანმიმდევრული გეზი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა განვიხილოთ უმაღლესი განათლების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ხარისხი არ არის მხოლოდ აკრედიტაციის პროცედურის ან კონკრეტული ინდიკატორების შესრულება. ხარისხი არის უნივერსიტეტის ყოველდღიური კულტურა - სწავლების ხარისხი, კვლევის დონე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო თანამშრომლობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი ტრანსფერის შესაძლებლობა. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობა დღევანდელ კონფერენციაში სწორედ ამ შესაძლებლობას უსვამს ხაზს. ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება, ინსტიტუციური თანამშრომლობა, აკადემიური და სტუდენტური მობილობა, ერთობლივი კვლევები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები ის მიმართულებებია, რომლებიც ქართული უმაღლესი განათლების ხარისხის შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და აკადემიური საზოგადოება ერთობლივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ისეთი უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს მისცემს თანამედროვე ცოდნის მიღების, კვლევისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო ქვეყანას - კარგად მომზადებულ ახალგაზრდა სპეციალისტსა და მკვლევარს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა იცვლება დღეს, არამედ იმაზეც, თუ როგორი გვინდა იყოს ქართული უნივერსიტეტი ხვალ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხედვა რეალობად იქცეს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რომელმაც ყურადღება უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპზე, მის ძირითად მიმართულებებსა და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას მიესალმნენ და საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტმა ჟოზეპ მ. გარელმა და გენერალურმა მდივანმა ამანდა კროუფუტმა.

როგორც ჟოზეპ მ. გარელმა აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი თქმით, უნივერსიტეტების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევები მოითხოვს გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიური საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. EUA-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნივერსიტეტების ავტონომიას, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევისა და სწავლების განვითარებას, ასევე ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ენიჭება. მისი თქმით, ასოციაცია მზად არის, საქართველოს უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარების პროცესში საკუთარი გამოცდილება და საერთაშორისო შესაძლებლობები გაუზიაროს.

ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე, მის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპისა და მის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა - გვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ | რევაზ სოხაძე

22.09.2026.20:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების ჩართულობის გაზრდაზე, არქიტექტურული კონკურსების მნიშვნელობასა და თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

რევაზ სოხაძის თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებული გამოწვევების შეფასების შედეგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არქიტექტურული კონკურსების გააქტიურება იყო. ახალი მიდგომის მიზანია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე არსებობდეს სრულყოფილად დამუშავებული პროექტი, ხოლო არქიტექტორებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, სახელმწიფო პროექტებში საკუთარი პროფესიული ხედვა და შემოქმედებითი იდეები განახორციელონ.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავით კონკურსების გზით. ეს იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი და ბევრი სკეპტიკოსიც ჰყავდა, თუმცა ვფიქრობ, ამ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი არ იყოს მხოლოდ ფასი — მნიშვნელოვანი იყოს კონცეფცია, პროექტის ვიზუალი, ფუნქციურობა და არქიტექტურული ღირებულება”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ბოლო დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩატარებულია 80-მდე არქიტექტურული კონკურსი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 100-მდე სხვადასხვა არქიტექტურულმა ბიურომ, ხოლო გამარჯვებული დაახლოებით 45 ბიურო გახდა. ამჟამად მიმდინარეობს სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურისა და სხვა საჯარო ობიექტების პროექტირება. გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ლარს შეადგენს.

მინისტრის განცხადებით, კონკურსებში პროექტების შეფასებისას მნიშვნელოვანია არქიტექტურული ხარისხის, ფუნქციურობის, სტანდარტებთან შესაბამისობის, ხარჯთეფექტურობისა და პროექტის რეალურად განხორციელების შესაძლებლობის ერთობლიობა.

„ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ სკოლა ან სპორტული ინფრასტრუქტურა. გვინდა, ის, რასაც საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და რეგიონში ვაშენებთ, იქცეს ამ რეგიონის არქიტექტურული ტონის მიმცემად და თანამედროვე, 21-ე საუკუნის არქიტექტურულ სიტყვად”, — აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა არქიტექტურული პროექტირების პროცესში არსებულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში პრობლემაა საპროექტო ვადების დაცვა და კონცეფციის სრულყოფილ სამუშაო პროექტად გარდაქმნა. სამინისტრო მზად არის, არქიტექტორებთან თანამშრომლობით დახვეწოს პროცესი, თუმცა საჯარო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ვადების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რევაზ სოხაძის თქმით, საქართველოს ძლიერი არქიტექტურული ტრადიცია აქვს და თანამედროვე პროექტებმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის ისტორიულ და ავთენტურ გარემოს და, ამავე დროს, გამოხატოს თანამედროვე არქიტექტურული ხედვა. სახელმწიფოს ამოცანაა, არქიტექტორებს მისცეს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიული ხედვა საჯარო პროექტებში განახორციელონ.

მინისტრმა ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ღიაა პროფესიულ წრეებთან დიალოგისთვის.
„ჩვენ გვინდა, ვიყოთ საიმედო პარტნიორი, რომელიც არქიტექტორებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ხედვა განახორციელონ და თავისი სიტყვა თქვან ქართულ არქიტექტურაში. კარგად გვესმის, რომ ინფრასტრუქტურას ვერ ავაშენებთ არქიტექტორების, მშენებლების, ინჟინრებისა და ურბანისტების გარეშე. ჩვენ პარტნიორები ვართ და მთავარი არის, ერთად შევქმნათ ის ობიექტები, რომლებიც მომავალ თაობებს და ჩვენს ქვეყანას დარჩება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

SHARE Georgia 2026 საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმის მესამე გამოცემაა. ღონისძიება ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს, ინჟინრებს, ურბანისტებსა და დეველოპერებს აერთიანებს. ფორუმში მონაწილეობს დაახლოებით 350 პროფესიონალი და 20 ქვეყნიდან 30 სპიკერი. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია თანამედროვე არქიტექტურა, ურბანული განვითარება, მასშტაბური პროექტები და ფასადების დიზაინი.

SHARE-ის საერთაშორისო პროფესიული ქსელი ყოველწლიურად 25-ზე მეტ კონფერენციას მართავს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა