საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ საერთაშორისო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ბირთვული მეცნიერებებისა და გამოყენების დეპარტამენტის (NA) ფიზიკურ და ქიმიურ მეცნიერებათა განყოფილების (NAPC) იზოტოპური ჰიდროლოგიის სექციაში (IHS), რომელიც მდებარეობს ვენის საერთაშორისო ცენტრში (VIC) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ელენე ჩიკვილაძემ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, ინფორმატიკული ფიზიკის მიმართულებით, დაასრულა და სწავლა სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე განაგრძო. მისი სამაგისტრო ნაშრომი წყალტუბოში რადონ-222-ის განაწილებისა და გენეზისის შესწავლას ეხება.
როგორც მაგისტრანტი აცხადებს, სამაგისტრო ნაშრომის თემიდან გამომდინარე, მას აქვს რადონ-222-თან მუშაობის გამოცდილება, შესაბამისად, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იზოტოპური ჰიდროლოგიის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მიღება და თანამედროვე კვლევით მეთოდებთან უშუალო შეხება.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ ჰიდროგეოლოგიისა და გეოსაინფორმაციო სისტემების პროგრამის შესახებ შესაფერის კანდიდატად წარმომადგინა. ასევე ვარ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში ჩართვას. მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოში რადონ-222-ის აგეგმვის საქმიანობაში, ასევე მონაწილეობას ვიღებდი IAEA-ს ტრენინგებში, როგორიცაა: რეგიონული ტრენინგი და სასერტიფიკატო კურსი არსებობის დროის განაწილებასა (RTM/RTD) და სვეტის სკანირების (SSM/CST) ტექნიკაში; წყლის ბალანსის მოდელირება იზოტოპებისა და JAMS/J2000 მოდელირების სისტემის გამოყენებით: ნაწილი 1 და 2, ასევე რეგიონული სასწავლო კურსი წყლისა და ნიადაგის მართვის შესახებ. ეს იყო ერთწლიანი სტაჟირება, რისი მიზანიც იყო წყლის ბალანსის იზოტოპებისა და JAMS/J2000 მოდელირების სისტემის გამოყენებით შექმნილი მოდელის გაუმჯობესება და მასში რადონ-222-ის კონცეფციის დამატება. შედეგად შევქმენი პირველი იზოტოპებით გაუმჯობესებული JAMS/J2000 ჰიდროლოგიური მოდელი საქართველოს მდინარე ალაზნის აუზისთვის. ეს მოისაზრებდა არსებული კვლევებისა და მონაცემების გამოყენებას და დამატებითი საველე სამუშაოების ჩატარებას. ერთწლიანი სტაჟირების განმავლობაში გავეცანი და კრიტიკულად განვიხილე დიდი მოცულობის სამეცნიერო ლიტერატურა. მოდელირების საკვლევ ტერიტორიად შეირჩა მდინარე ალაზნის აუზი. მუშაობის პროცესში დავამუშავე არსებული მეტეოროლოგიური, იზოტოპური და ჰიდროლოგიური მონაცემები, ასევე გამოვიყენე თანამგზავრული დაკვირვებებისა და კლიმატური მოდელების შედეგები. სამუშაოს შესრულება მოითხოვდა პროგრამირების სხვადასხვა ენის, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას. რის დროსაც არსებული ცოდნა გავიღრმავე. ჰიდროლოგიური მოდელირების მიმართულებით დახმარება გავუწიე ერთ მაგისტრანტსა და ორ დოქტორანტს. ასევე ვიყავი ასისტენტი იზოტოპური მონაცემებით გაძლიერებული JAMS/J2000 წყლის ბალანსის ჰიდროლოგიური მოდელირების ორეტაპიან ტრენინგზე.
სტაჟირების პერიოდში არსებულ კვლევებზე დავწერე სტატია რომელიც ეხება მონაცემებით ღარიბ აუზებში ჰიდროლოგიური მოდელირებისათვის დამატებითი ინფორმაციის წყაროების გამოყენებას, მოდელირების შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და კვლევის შემდგომ მიმართულებებს, რომლის გამოქვეყნება ახლო მომავალში იგეგმება“, - აცხადებს ელენე ჩიკვილაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, ელენე ჩიკვილაძემ, სტაჟირების დასასრულს, როგორც იზოტოპური ჰიდროლოგიის სექციაში, ისე ჰიდროლოგიური მოდელირების კოორდინირებული კვლევითი პროექტის შეხვედრაზე, შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა. მაგისტრანტი სტაჟირების განმავლობაში დაესწრო და მონაწილეობა მიიღო მრავალ სამუშაო და სამეცნიერო შეხვედრაში, გაიარა ტრენინგები კონცეპტუალურ მოდელირებასა და ლაზერულ სპექტროსკოპიაში და გაეცნო იზოტოპური ჰიდროლოგიის ლაბორატორიაში გამოყენებული სხვადასხვა ხელსაწყოს მუშაობის პრინციპებს. დაესწრო IAEA-ს 69-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გამართულ არაერთ ღონისძიებას და სამეცნიერო ფორუმზე „ატომები წყლისთვის“ დამხმარე პერსონალის ფუნქციებს ასრულებდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რამაც ბევრი რამ მასწავლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის შემექმნა JAMS/J2000 წყლის ბალანსის ჰიდროლოგიური მოდელი, რადგანაც ეს სამომავლოდ მრავალი კვლევის საფუძველია. ეს სტაჟირება არის ჩემი მოტივაცია უფრო მეტი გავაკეთო და მეტი ვისწავლო, რადგანაც ახლა მაქვს პასუხისმგებლობა წყლის სტაბილური იზოტოპებით ჰიდროლოგიური მოდელირება უკეთ დავნერგო საქართველოში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება სამეცნიერო კარიერაში. საველე სამუშაოების საფუძვლები, სხვადასხვა ხელსაწყოსთან მუშაობა, მონაცემების დამუშავება, ალტერნატიულ სატელიტური მონაცემებთან წვდომა, და უშუალოდ ჩემი სამაგისტრო ნაშრომი, ასევე ფართო და ინტერდისციპლინური უცხოელი კოლეგების წრე, დამყარებული უშუალო კონტაქტები და იზოტოპური ჰიდროლოგიის უკეთ შეცნობა, ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება - ეს ყველაფერი კონცეპტუალური მოდელის შექმნას გამიმარტივებს და უფრო ნათელს გახდის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობას. ვაპირებ გავაზიარო მიღებული ცოდნა გამოცდილება, როგორც ფაკულტეტზე, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაზე“, - აცხადებს მაგისტრანტი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.