საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა და მასთან ერთად ბელარუსის უმაღლეს სასწავლებლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი ირინა ზუბკო და ტელეკომპანია „ბელარუს 24“-ის ხელმძღვანელი პაველ ლოზოვიკი.

როგორც დავით გურგენიძემ და ნიკოლაი როგაშჩუკმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პარტნიორობა ბელარუსის ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებთან გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-კვლევით თანამშრომლობას და მხარეებს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.
რექტორის განცხადებით, საინჟინრო ტექნოლოგიების მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერის პოზიციებს იკავებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები და მკვლევართა ჯგუფები ჩართულნი არიან ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში, აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე გლობალურ ექსპერიმენტებში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების მეცნიერები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ჩვენ ვთანამშრომლობთ იულიხის კვლევით ცენტრთან, მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია მრავალმხრივი კოლაბორაცია ბელარუსის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან, ბელარუს კოლეგებთან. ჩვენი უნივერსიტეტი მუდმივად ავითარებს ლაბორატორიულ ბაზებს და აქვს შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები გამოვიყენოთ წარმატებული კოლაბორაციისა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ვფიქრობთ, ორი ქვეყნის საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სამეცნიერო და აკადემიური წრეები ერთობლივად დავნერგავთ ინოვაციებს, ვიმუშავებთ ახალ კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებზე, რომლებშიც ჩვენი ორი ქვეყნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. მოხარული ვიქნებით, თუ თქვენი მხარდაჭერითა და შუამდგომლობით საფუძველი ჩაეყრება ახალ მჭიდრო პარტნიორობას ბელარუსის უნივერსიტეტებთან“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა პარტნიორობის მზაობისთვის რექტორსა და უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ბელარუსის უნივერსიტეტების თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაცილებით მრავალმხრივს გახდის. ნიკოლაი როგაშჩუკის თქმით, ბელარუსი დაინტერესებულია პრიორიტეტული საინჟინრო დარგების ერთობლივად განვითარებით, რაც ორივე ქვეყნისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ – ტელეკომპანია „ბელარუს 24“-ის ხელმძღვანელმა პაველ ლოზოვიკმა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მედიატექნოლოგიებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ტელეკომპანიაში სტაჟირების შესაძლებლობის შექმნისა და ქართველი და ბელარუსი ახალგაზრდების ერთობლივი ჩართულობით ახალი სატელევიზიო პროექტების განხორციელების თაობაზე. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე მედიასტანდარტების გაცნობას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას.
როგორც საპასუხოდ რექტორმა აღნიშნა, ერთობლივი მედიაპროექტები გააძლიერებს კულტურულ და პროფესიულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის, ხოლო ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას მედიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები შექმნან.
რექტორთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსმა სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნსაცავი და სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.