საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქირურგ-ონკოლოგისა და მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ქირურგ-ონკოლოგისა და მკვლევრის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრის, საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის - რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და სამედიცინო საზოგადოებას.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის. დავკარგეთ გამორჩეული ქირურგი-ონკოლოგი, აღიარებული მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომლის ცხოვრება და პროფესიონალიზმი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და ქართული მედიცინის წინსვლას ემსახურებოდა - დაუღალავად იღვწოდა საქართველოში თანამედროვე ონკოლოგიური სკოლის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისთვის.
განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. პროფესორი რემა ღვამიჩავა იყო სკრინინგცენტრის პირველი დირექტორი და სწორედ ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ეროვნული სკრინინგპროგრამების განვითარებას, პრევენციული მედიცინის გაძლიერებასა ხელმისაწვდომობის ზრდას. მის სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის განვითარებაც, რამაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
პროფესორი რემა ღვამიჩავა საზოგადოებას დაამახსოვრდება, როგორც უმაღლესი პროფესიონალიზმის, სიბრძნის, კეთილშობილებისა და განსაკუთრებული ჰუმანიზმის მქონე ექიმი, რომელსაც შეეძლო უმძიმესი დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის იმედი ჩაესახა, გაეძლიერებინა პაციენტის რწმენა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად ებრძოლა. სწორედ რემა ღვამიჩავას სამეცნიერო მემკვიდრეობა, პედაგოგიური საქმიანობა და აღზრდილ მედიკოსთა არაერთი თაობაა მისი ცხოვრების მარადიული გაგრძელება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მისი ონკოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საქართველოს ეროვნულ სკრინინგცენტრს, სტუდენტებსა და ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.
დარწმუნებული ვართ, პროფესორ რემა ღვამიჩავას სახელი, მისი პროფესიონალიზმი, ჰუმანიზმი, საქმისადმი ერთგულება და ღვაწლი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართული მედიცინის ისტორიაში,
ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ბატონი რემა იყო გამორჩეული ექიმი, მკვლევარი, მასწავლებელი, კოლეგა, მეგობარი. ნათელი მის ხსოვნას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.