საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვადიმ ბოგუშს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, რექტორებმა სამომავლო სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და პარტნიორობის დეტალები შეაჯერეს.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში ჩატარდა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი მონაწილეობდნენ.
მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ძირიტად საკითხებზე, მათ შორის: მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები; აკადემიური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები; ორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთათვის, მკვლევართა და სტუდენტებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების შემუშავება; ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და სხვა.
როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს ორმხრივი ინტერესის შესაბამისად შეიმუშავებენ, გარდა ამისა, ითანამშრომლებენ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და თითოეული უნივერსიტეტის წინასწარ განსაზღვრული კვლევითი პრიორიტეტის გათვალისწინებას.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ ისეთი ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტები, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო ინიციატივები, რომლებშიც ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განვითარება, რაც ახალგაზრდა მკვლევრებსა და მომავალ სპეციალისტებს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის მრავალმხრივ და გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც ორივე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება, ასევე, დადებითად აისახება ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე“, - განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობა მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე უნივერსიტეტს. პროფესორ ვადიმ ბოგუშის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ნაბიჯია თანამედროვე საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარების მხრივ, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის გაფართოებას.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რექტორები - აკადემიკოსი დავით გურგენიძე და პროფესორი ვადიმ ბოგუში ხელს ხვალ მოაწერენ. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომის ფარგლებში გაიმართება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.