საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - ქრისტე აღდგა! „აღდგა, ვითარცა თქუა“. „მიიღო ხილული და დასცა უხილავი“.
უფლის აღდგომა სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რწმენის, სიყვარულისა და ერთობის ძალაა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ერს და განსაზღვრავდა მის ისტორიულ გზას. ქრისტეს აღდგომა გვასწავლის, რომ ყოველ განსაცდელს მიღმა დგას განახლების შესაძლებლობა და ახალი საწყისი. სწორედ ეს სინერგიაა ის ძალა, რომელმაც მრავალჯერ იხსნა ჩვენი ქვეყანა და მისცა განვითარების შესაძლებლობა ურთულეს დროებაშიც კი.
დიადი არსი ბრწყინვალე აღდგომისა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ღვთის სულიერ შვილებს, მათ შორის საქართველოს საყვარელ მამის, ახლადშესვენებულ უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიუძღოდა ერს ჭეშმარიტ ღირებულებათა დამკვიდრების, სიყვარულისა და რწმენის გაძლიერების, საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობის განმტკიცების გზაზე. მისი დაკრძალვა ამ ღვაწლის ყველაზე დიდ აღიარებად იქცა. უწმინდესმა და უნეტარესმა პირადი მაგალითით დაგვანახა ადამიანის ცხოვრების არსი, ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი, გადარჩენისა და განვითარების საღმრთო ფორმულა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.
მართლმადიდებლობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს საქართველოს ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ფორმირება-განვითარებაში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის შემდეგაც ჩვენი სულიერი ტრადიციები გადაჯაჭვულია კულტურასთან, მეცნიერებასა და განათლებასთან. ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში იყო რწმენის, ცოდნისა და განათლების კერა, სადაც იქმნებოდა და ინახებოდა ხელნაწერები, ვითარდებოდა მწერლობა, ფილოსოფია, მეცნიერება.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს - ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ ქმნით საქართველოს მომავალს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაძლევთ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გაიაზროთ საკუთარი ფუნქცია და როლი, დაფიქრდეთ იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე, რომელიც თითოეულ თქვენგანს საზოგადოების წინაშე აკისრია. ჩვენი საერთო მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცოდნა, სულიერება და ინოვაცია ქვეყნის განვითარებას ემსახურება.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებას. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
01.10.2026.17:08
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პედაგოგის პროფესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლოა და ისინი თავიანთი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების გამო განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს თქვენთან შეხვედრა და იმ ადამიანების დაფასება, რომელთა შრომას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი პროფესია გამორჩეულად საჭირო და ამასთანავე, საპასუხისმგებლოა. მასწავლებელი არამხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მრავალწლიან შრომას უდიდესი წვლილი მიუძღვის არაერთი თაობის მომავალში.
როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს მთაწმინდის საჯარო სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს ვხვდები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიის ერთგულებისთვის, პასუხისმგებლობისა და იმ ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებას უძღვნით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში ფარგლებში მთაწმინდის რაიონის 18 საჯარო სკოლის 18 პედაგოგი დააჯილდოვეს. ცერემონიაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მონაწილეობდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.