საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო კონცერტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრს დაარსებიდან 88 წელი, ხოლო სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 78 წელი შეუსრულდა. საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო თარიღებს გაზაფხულის პირველი კონცერტი მიუძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კონცერტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები, ჯაზის და ბლუზის მომღერლები მონაწილეობდნენ, სტუ-ის მეორე სასწავლო კორპუსში, საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სივრცეში, სრული ანშლაგით წარიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ლეგენდარულმა ჯაზ-ორკესტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანას საერთაშორისო აღიარება არაერთგზის მოუტანა. რექტორის თქმით, ჯაზ-ორკესტრის ისტორია არა მხოლოდ მუსიკალური მემკვიდრეობის ქრონიკაა, არამედ უნივერსიტეტის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველი უმაღლესი საინჟინრო სკოლა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ცნობილია თავისი მეცნიერებითა და ინჟინერიით, თუმცა მისი სული და ხასიათი სწორედ ისეთ შემოქმედებით კოლექტივებში იკვეთება, როგორიც ჩვენი სახელოვანი ჯაზ-ორკესტრია. მაესტრო იოსებ ტუღუშის ორკესტრმა და მის ბაზაზე გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ლეგენდარულმა ჯაზ-ბენდმა ათწლეულების განმავლობაში შექმნა მაღალი პროფესიონალიზმის, შემოქმედებითი თავისუფლებისა და ტრადიციებისადმი ერთგულების უნიკალური სინთეზი.
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, თითოეულ მუსიკოსს - როგორც ვეტერანს, ისე ახალგაზრდას - იმ თავდადებისა და ნიჭიერებისთვის, რითაც ეს საღამო დაუვიწყარ მოვლენად იქცა. მსმენელის ემოცია, სავსე დარბაზი და ხანგრძლივი ოვაციები ნათლად ადასტურებს, რომ საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თაობებს მომავალშიც გააერთიანებს და არაერთ წარმატებას მოუტანს ჩვენს ალმა-მატერს“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრის ტრადიციებსა და მის შემოქმედებით განწყობებზე ყურადღება გაამახვილა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა და დირიჟოორმა, მაესტრო ირაკლი კალმახელიძემ.
„ჩემი ცხოვრება “გეპეის ჯაზ-ორკესტრს” 1968 წლიდან დავუკავშირე, მას შემდეგ, რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ამ ჟანრს დიდმა მაესტრო სოსო ტუღუშმა მაზიარა და ვთვლი, რომ დღემდე მისი საქმის ერთგული გამგრძელებელი ვარ. 2018 წელს საუნივერსიტეტო ორკესტრმა 80 წლის იუბილე აღნიშნა და ფილარმონიასთან მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. სწორედ მაშინ მიენიჭა ორკესტრს მაესტროს სახელი. ჩვენი ორკესტრის ისტორია 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, სასულე ორკესტრს ნიკოლოზ თევზაძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ წლებში კი კოტე კარგარეთელი. მოგვიანებით, დორიან კიტიას მოსვლით ოქროს ხანა დაიწყო - 1957 წელს ჩვენი ორკესტრი მხოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი გახდა. ორკესტრთან თანამშრომლობდნენ ცნობილი კომპოზიტორები: სანდრო მირიანაშვილი, კონსტანტინე პევზნერი, გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა, გია ყანჩელი, გურამ ბზვანელი და სხვები. ჩვენი ბიგ-ბენდი ერთგვარი სამჭედლო იყო ქართული ესტრადისა. აქ, ამ ორკესტრის წიაღში შეიქმნა ცნობილი მუსიკალური დუეტები, ტრიოები, მათ შორის ჯემალ სუხიშვილის ტრიო, გეპეის ცნობილი კვარტეტი - გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით, ჯანსუღ კახიძის „შვიდკაცა“, ანსამბლი „რერო“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ “გეპეის ჯაზ-ორკესტრთან“ შეიქმნა იმ დროისთვის სრულიად ახალი - კონფერანსიეს ჟანრი, რომლის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ ბაჯული გელოვანი, პაატა კახნიაშვილი, აბესალომ ლორია, ირაკლი მამაცაშვილი, ქართლოს კასრაძე, გია ჭირაქაძე. ამ სცენაზე აიდგა ფეხი ჩვენი ესტრადის თითქმის ყველა ვარსკვლავმა, მათ შორისაა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, დემურ ცქიტიშვილი, სერგო გოცირიძე, ნიკო ჯადუგიშვილი, გიული ჩოხელი, ჯილდა დათუაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ეთერ კაკულია, დები ჩაფიჩაძეები, ზურა კობეშავიძე, ეკა კვალიაშვილი, გია მაჭარაშვილი, თემურ თათარაშვილი, თეკლა კალმახელიძე, თემო საჯაია, ქეთი ორჯონიკიძე და მრავალი სხვა.
ჩვენი ჯაზ-ორკესტრი დღეს უკვე ბრენდია, რომელიც ერთგულად აგრძელებს ძველ ტრადიციას და ქმნის ხარისხიან, მაღალი დონის პროდუქტს, რისი მიღწევაც შეუძლებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე. ჯაზ-ორკესტრის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს - აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს - პროფესორ კარლო კოპალიანს, ვიცე-რექტორებს - თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს, მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას - დიდი სიყვარულისთვის, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის“, -
ამბობს მაესტრო ირაკლი კალმახელიძე.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ერთგულად აგრძელებს ტრადიციას და ახალ თაობას, ახალ რეპერტუართან ერთად, იმ პოპულარულ ქართულ თუ უცხოურ ჯაზურ კომპოზიციებს გადასცემს, რომლებსაც წინა თაობის ვარსკვლავები წარმატებით ასრულებდნენ.
“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრში ძველი და ახალი თაობის გასაოცარი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები უკრავენ: ირაკლი კვანჭიანი, თემურ მაისაშვილი, ცნობილი მეცნიერი - პროფესორი ამირან ცქიტიშვილი, კაკო ვაშალომიძე, რომელიც სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 1974 წლიდან შეუერთდა, ირაკლი კალმახელიძე, ზურაბ ცაგარელი, ბიჭიკო ქადაგიშვილი, გიორგი გვალია, დიმიტრი ლეკვეიშვილი, ვახტანგ კალმახელიძე, რომან პოღოსოვი, ვალერი პილტაკიანი, ამირან მარტიაშვილი, გრიგოლ მელაძე, ბარბარე წითლაური, გიორგი ზანაძე, აკაკი მამალაძე, მერაბ სანოძე, ლევან კვირიკაშვილი, თამო ჩომახიძე. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა სოლო მომღერლები, რომლებიც უბადლოდ ასრულებენ ქართულ და უცხოურ ჯაზს და ბლუზს: ბარბარა სამხარაძე, გიორგი ტატიშვილი, სოფო სიხარულიძე, ნუციკო მერაბიშვილი, საბა ღურწკაია, გიორგი ტატიშვილი და სხვები. სწორედ ჯაზ-ორკესტრის სხვადასხვა თაობის შემსრულებლები ქმნიან ერთად იმ განუმეორებელ აურას, რომელიც აღაფრთოვანებს აჯადოებს მსმენელს. უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრსა და „გეპეის ჯაზს“ ღირსშესანიშნაც თარიღებს”, - აღნიშნავს ბადრი ლებანიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოში, გასული საუკუნის 40-50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრმა შეიტანა. ათეულობით წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.