საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კომპანიის საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ სიახლეებს გაეცნენ, ასევე სამომავლო დასაქმების რეალურ პერსპექტივებს გაეცნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებული SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO) მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმ მიზნით, რომ საინჟინრო მიმართულებების სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში სტაჟირების პროგრამებში ჩართოს.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SMGO-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ახალგაზრდებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ წარუდგინეს.
SMGO-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას. მათ SMGO-ის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს და კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზეს.
როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, თანამშრომლობა ისეთ მსხვილ კომპანიასთან, როგორიცაა SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO), სტუ-ის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მასშტაბური პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალურ შანსს აძლევს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტებს მაღალი დონის პრაქტიკული და კარიერული შესაძლებლობები შეუქმნას. SOCAR Midstream Gas Operations-თან პარტნიორობა ჩვენს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ, მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტებში გამოიყენონ. საექსპორტო მილსადენების მართვისა და ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობა, როგორც კომპანიის სათავო ოფისში, ისე საქართველოს წარმომადგენლობაში, ჩვენი ბაკალავრებისა და მკვლევრებისთვის პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. კომპანიის მზაობა სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების პროგრამებში აქტიურად ჩართოს ჩვენი სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, ხაზს უსვამს ამ შეხვედრის როგორც საგანმანათლებლო, ისე რეგიონულ მნიშვნელობას“, - აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მხარდაჭერით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს პირველად გასულ სასწავლო წელს შეხვდნენ. რიგით მეორე, მიმდინარე სასწავლო წლის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სივრცეში გაიმართა.
სხვა სიახლეები
სტუ-ში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია გაიმართა
21.10.2026.15:24
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის - Dante.global-ის მეოთხე ციკლი წარადგინა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, წლევანდელი კვირეულის თემა - „გენიალური ენა: იდეიდან ხორცშესხმამდე, იტალიური ენის მეშვეობით“ - იტალიური ენის შემოქმედებით პოტენციალსა და მნიშვნელობას წარმოაჩენს იდეების განხორციელების, პროფესიული განვითარების, კულტურული გაცვლისა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში.
ღონისძიება, რომელშიც აკადემიურ საზოგადოებასა და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ'ანტუონო, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ცერცვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
რექტორმა საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი Dante.global-ი საქართველოში იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის იტალიასთან აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან, იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იტალიის წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. ამ მიმართულებით პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობებს გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის. იტალიელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების განმტკიცებას და საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში იტალიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, იტალიის მთავრობასა და იტალიურ მხარეს ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მათი თანადგომა ხელს უწყობს იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, საგანმანათლებლო პროექტი Dante.global-ი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში იტალიური ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღვივებას და საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ცერცვაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და საქართველო-იტალიას შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ნინო ცერცვაძემ ასევე ისაუბრა პროექტ Dante.global-ის მეშვეობით იტალიური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალი შესაძლებლობების შექმნის შესახებ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის - Dante.global-ის მეოთხე ციკლის წარდგენას დაეთმო. პროექტი მიზნად ისახავს იტალიური ენის შესწავლის ხელშეწყობას, ენობრივი და კულტურული კომპეტენციების განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იტალიური ენის უფასო კურსებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ღია კონკურსის საფუძველზე, სასწავლო პროგრამებში ჩასართავად 100 მონაწილე შეირჩა. სწავლება იტალიური ენის ცოდნის A1, A2 და B1 დონეების შესაბამის პროგრამებს მოიცავს.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ (Turandot. L’ultima nota) - საქართველოში პირველი, ექსკლუზიური ჩვენება. ფილმი დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მიერ შექმნილი კინოპროდუქციაა და მაყურებელს ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის ისტორიასა და მის შექმნასთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროცესზე მოუთხრობს.