საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თბილისის მერია ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლების პროცესშივე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში და პროფესიული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ. სწორედ ამიტომ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახურის ინიციატივას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მნიშვნელოვანია, რომ მერია სწორ აქცენტს აკეთებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს ქვეყნის განვითარებისა და ურბანული პროცესების მართვისთვის პრიორიტეტულია.
სამშენებლო, სატრანსპორტო, არქიტექტურის, აგრარული და სამთო მიმართულებები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ქალაქის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, გარემოს უსაფრთხოებასთან და მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამ სპეციალობების სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შეთავაზება დროული გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა სტუდენტებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახური სტუ-ის სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე აცხადებს მიღებას. მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების სტუდენტებს დეტალურად გააცნო სტაჟირების პროგრამის პირობები, მონაწილეობის კრიტერიუმები, ასევე მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის სპეციფიკა.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სპეციალობების სტუდენტების მხარდაჭერას, რომლებიც ქალაქის განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გარემოს ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა დაინახონ საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მომავალ საქმიანობას უკავშირდება. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს როგორც პროფესიული უნარების განვითარებას, ისე საჯარო სექტორსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა პროგრამასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
15.07.2026.16:20
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი" , დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.