საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეროვნული თვითშეგნება და მზადყოფნა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ქვეყნის თავისუფლების იდეა, რჩება უმაღლესი სამოქალაქო ღირსების მაგალითად. 9 აპრილი არის ისტორიული ერთობის დღე, სადაც ტრაგედია და გამარჯვება, მსხვერპლი და თავისუფლება ეროვნულ მეხსიერებაში ილექება. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ერთ დღეში გაერთიანებული საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის კვლევა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფენომენი“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე აღნიშნეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სტუ-ის რექტორის თქმით, 9 აპრილი აერთიანებს ეროვნული ტრაგედიის სიმძიმესა და სახელმწიფოებრივი აღორძინების იდეალს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, ერთ თარიღში კონცენტრირებულია სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა და გამარჯვება, უდიდესი ტკივილი და იმედი. 9 აპრილი წარსულის შეფასების შესაძლებლობა და ვალდებულებაა, რომ ისტორიული გამოცდილება განვითარების საფუძვლად გარდაიქმნას.

„9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური თარიღია, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც ეროვნული ტრაგედიის უმძიმეს გამოცდილებას, ისე სახელმწიფოებრივი აღორძინების უმნიშვნელოვანეს აქტს. 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი განხორციელდა, წარმოადგენს იმ მორალურ ზღვარს, რომლის გადალახვამაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ერი გააერთიანა. 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვამ შექმნა საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების ვექტორი.
უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, აგრეთვე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, რომლის სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმალიზება განხორციელდა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით. აღნიშნული აქტი წარმოადგენდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის გაგრძელებას თანამედროვე ეპოქაში.
დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველო - ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით - აგრძელებს დემოკრატიული განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების გზას, 9 აპრილი შეგვახსენებს იმ საზღაურს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის გადაიხადა; ამავდროულად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას, განვავითაროთ სახელმწიფო და შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც აღდგა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
ინფორმაციისთვის: საქართველო 9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 9 აპრილს დაღუპულთაგან ხუთი გმირი: აზა ადამია, ნატო გიორგაძე, ნინო თოიძე, მანანა მელქაძე და გია ქარსელაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის - სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.