საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ევროკავშირის ახალი პროექტის - ERIC-GE იმპლემენტაცია დაიწყო
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და განამტკიცებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კვლევით და ინოვაციურ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ERIC-GE გახდება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სამეცნიერო-ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ეს პროექტი წარმოადგენს ინვესტიციას მომავალში - ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, ასევე, ადამიანურ კაპიტალსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებსა და გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, ექსპერტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომაც ამ წარმატებაში გადამწყვეტი იყო. ასევე მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პროგრამა Erasmus+-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
სტუ-ის ცნობით, კონსორციუმის პირველ შეკრებას ესწრებოდნენ: ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის (UCLAN CYPRUS LIMITED (UCLan Cyprus) დელეგაცია პროფესორების - კოსმინა თეოდოლუს, ნევი აგაპიუსა და მარიოს რასპოპოულოსის შემადგენლობით; პალერმოს უნივერსიტეტის (UNIVERSITA DEGLI STUDI DI PALERMO - UNIPA) დელეგაცია პროფესორ ჯიოვანი ფალკონეს და დოქტორანტების - ჯანმარკო ლა როსას და ლიდია კასტრონოვოს შემადგნელობით; ახალი უმაღლესი სასწავლებლის - ნიუუნის დელეგაცია: რექტორი თამარ გარდაფხაძე, პროფესორები ნანა ციხისთავი, ნათია გოგოლაური, სოფიო მორალიშვილი, მედეა სამსიანი; ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დელეგაცია - რექტორი გოჩა თუთბერიძე, პროფესორები გიორგი დათუაშვილი, გოჩა უგულავა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის კახაბერ კორძაიას, ადმინისტრაციის წარმომადგენლების სვეტლანა კირაკოსიანის და შორენა ქურდაძის შემადგენლობით; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, გურანდა მოდებაძე, ნინო მილაშვილი; უნივერსიტეტი ალტერბრიჯი - რექტორი ნათია გოცაძე, პროფესორები მაკო ჯაოშვილი, ანა წიკლაური, თამთა ჰაგერი.

როგორც კონსორციუმის პირველი შეკრების ღონისძიების გახსნისას სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა "ტექინფორმი" ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო ორი (2026-2027) წლის განმავლობაში პროექტის - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ - (ERIC-GE), კოორდინატორი იქნება. პროფესორ ზურაბ გუდავაძის განცხადებით, კონკურსში უნივერსიტეტის გამარჯვება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.
„განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავ, რომ 2025 წლის კონკურსში - ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-1 (Capacity Building in Higher Education), გაიმარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება პროექტის კოორდინატორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი ინსტიტუტი „ტექინფორმი“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პროექტის განხორციელებაში, როგორც კოორდინატორები, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი ყველა აქტივობის ჩატარების ხარისხისა და ევროპული სტანდარტების სრულ დაცვას. პროექტი ERIC-GE მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების სისტემურ გაძლიერებას. თანამედროვე უნივერსიტეტი XXI საუკუნის გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში გარდაიქმნა ინტელექტუალური კაპიტალის, ახალი ცოდნის სისტემური გენერირების და მისი საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პრაქტიკაში გამოყენების მთავარ პლატფორმად. უნივერსიტეტი დღეს უკვე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ინტეგრირებულია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა, ვითარდება კრიტიკული აზროვნება და ყალიბდება ახალი სამეცნიერო პარადიგმები. უნივერსიტეტი ამ პროცესში აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას და ინდუსტრიას, ხელს უწყობს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და ქმნის ინოვაციური ეკოსისტემის საფუძველების განვითარებას. კვლევა, სიახლეების შექმნა და დანერგვა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ კვლევაზე და ცოდნის პრაქტიკულ ტრანსფორმაციაზე დაფუძნებული მოდელი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რეალურ ჩართულობას საზოგადოებრივი პროგრესის, ტექნოლოგიური წინსვლისა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესში. პროექტი ERIC-GE სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს - ხელს შეუწყობს კვლევითი მენეჯმენტის მოდერნიზებას, ინოვაციური ეკოსისტემების გაძლიერებას, უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატში. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, დავნერგოთ ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტები და გავაძლიეროთ ინსტიტუციური მართვის კულტურა. ეს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებაა, არამედ თანასწორ პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომელიც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ კოორდინატორის ამპლუა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. კოორდინაცია ნიშნავს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ მართვას, არამედ ხედვის ფორმირებას, სტრატეგიული მიზნების თანმიმდევრულ განხორციელებას და პარტნიორებს შორის ეფექტიანი სინერგიის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი პროფესიონალიზმითა და უდიდესი პასუხისმგებლობით წარუძღვება ამ პროცესს. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ინსტიტუტის გუნდს და კონსორციუმის წევრებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გუდავაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერმზომელობის დანერგვაა, რათა გაძლიერდეს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კვლევითი უნარები და გაღრმავდეს აკადემიური პერსონალის კომპეტენცია. პროექტის საშუალებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას, რომელიც გამოადგებათ მეცნიერებათმზომელობის სრულფასოვანი ანალიზის ჩასატარებლად და გაეცნობიან მოწინავე კვლევით მეთოდებს და მიდგომებს, რომელთაც შემდეგ სასწავლო-კვლევით საქმიანობაში გამოიყენებენ. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ინსტიტუციური კვლევითი პოლიტიკის მოდერნიზებით, ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ძირითადი მიზნები და ინიციატივებია: სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ახალი ონლაინ კურსის - მეცნიერებათმზომელობის - დანერგვა. აღნიშნული კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ციტირების ანალიზი, ბიბლიომეტრული ინდიკატორები, პატენტმზომელობა, გავლენის შეფასება, კვლევის ტენდენციების რუკა, შეფასების მეთოდებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ა.შ.
სხვა სიახლეები
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა
12.10.2026.17:36
2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა.
მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.
326 წელს საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშნველოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება.
მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო) გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700", ხოლო ჯვრის ქვემოთ - საიუბილეო ციფრი „1700“ სტილიზებული სახით. ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით - ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი „1700“ ოქროსფერია.
მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები „საქართველო 2026 GEORGIA“.
წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.
ოქროს მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 10 ლარი
შემადგენლობა: Au 900
წონა: 8.5 გ
დიამეტრი: 25 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 3 000 ცალი
გამოშვების წელი: 2026
ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 28.28 გ
დიამეტრი: 38.61 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 10 000 ცალი
გამოშვების წელი: 2026
ოქროს მონეტები 3 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 3 250 ლარს შეადგენს.
ვერცხლის მონეტები 10 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 300 ლარია.
მონეტების რეალიზაცია 2026 წლის 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, საწყის ეტაპზე დაწესებულია შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება არაუმეტეს 1 ცალი ოქროს ან/და 1 ცალი ვერცხლის მონეტის შეძენა.
საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენისას, მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.