საქართველოსა და ჩინეთს შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის" მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება - თამარ იოსელიანი
„საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობას შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სხვა სექტორებში. ველოდებით, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვა მეტი ჩინური ავიაკომპანია, გაიზრდება რეისები და სიხშირეები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ მემორანდუმი ჩინეთში საქართველოს სახელმწიფო ვიზიტის დროს გაფორმდა და მას ხელი მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მოაწერა.
თამარ იოსელიანის განცხადებით, ჩინეთში გაფორმდა კიდევ ერთი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობა ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით გაძლიერდება. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდის ტენდენცია და შეთანხმდნენ, რომ სატვირთო ავიამიმოსვლის შემდგომი ხელშეწყობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამ.
"ჩვენი ძალიან ოპტიმისტური მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში გაიზარდება ჩინეთთან ფრენების მიმართულებები და სიხშირეები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მგზავთნაკადის ზრდაზე", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ამჟამად საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ორი ჩინური ავიაკომპანია - China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ახორციელებს, სამგზავრო ფრენები კი კვირაში 5 სიხშირით სრულდება. ამა წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 88,627 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 81%-ით მეტია.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებს შეხვდა
25.05.2026.18:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის დამფუძნებელს ჯანკარლო დევაზინის, აღმასრულებელ დირექტორს პაოლო არდოინოს და ვიცე-პრეზიდენტს მარკო დელ ლაგოს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი.
შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ნათია თურნავამ Tether-ის წარმომადგენლებს გააცნო სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივის სექტორისთვის შექმნილი თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა.
კომპანია Tether-მა, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ლიდერია და 200 მლრდ დოლარამდე აქტივებს ფლობს, დღეს საქართველოში საკუთარი საქმიანობისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.