საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა.
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა ღონისძიების ფარგლებში შედგა.
მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ახალ ჩარჩოს განსაზღვრავს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მონეტარული პოლიტიკის, საერთაშორისო რეზერვების მართვის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისების განვითარების, ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხებზე.
სხვა სიახლეები
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
23.09.2026.12:04
უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩების პერიოდში „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
ასევე, 28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან - აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.