საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.
„ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
სპეციალისტების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მიმდინარეობს ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება - ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები | გარემოს ეროვნული სააგენტო
26.11.2026.15:41
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად შეფასდეს არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.
ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.