საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, იგეგმება ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა.
ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების იქნება გამოყენებული.
სტრატეგიის მიხედვით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ავტომობილში ისეთი მოწყობილობის მონტაჟი, რომელიც ალკოჰოლური თრობისას მძღოლს მანქანის დაძვრის საშუალებას არ მისცემს.
ეტაპობრივად დაინერგება სპეციალური ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ნარკოტიკულ თრობას გამოავლენს.
საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ასევე საუბარია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ბაზის მომზადება.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაც.
სხვა სიახლეები
ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო
12.08.2026.10:52
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო.
ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საქართველო აგრობიომრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ქართული ვაზი, ხორბალი, ხეხილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები უნიკალურ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს, რომლის დაცვა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური სასურსათო გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ეროვნული გენეტიკური ბანკი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართული და მსოფლიო მნიშვნელობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი შენახვა, კონსერვაცია და კვლევა.
პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის საერთაშორისო ქსელში.