საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმი იმართება, სადაც შუა დერეფნის საკითხს განიხილავენ
მსოფლიო ბანკის ჯგუფმა უმასპინძლა რეგიონულ ფორუმს - „შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი“, რომელმაც შეკრიბა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, შუა დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობების განსახილველად.
ფორუმზე მსოფლიო ბანკის ფლაგმანური ანგარიშის - „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პუბლიკაცია, შუა დერეფნის სავაჭრო ნაკადების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის ეფექტიანობის და დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ყოვლისმომცველ შეფასებას იძლევა, მთავრობებისა და კერძო სექტორის დაინტერესებული მხარეებისთვის პრიორიტეტული დღის წესრიგის განსაზღვრის პარალელურად. ახალ პუბლიკაციას საფუძვლად უდევს მსოფლიო ბანკის 2023 წლის ანგარიში -„სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობისთვის საჭირო დროის გასანახევრებლად“.ახალი ანგარიში აფართოებს გეოგრაფიულ არეალს და ამჯერად იკვლევს შუა დერეფნის მონაწილე ცხრა ქვეყანას და აფასებს, თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ ინვესტიციებს, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებს და გაძლიერებულ ინსტიტუტებს 2040 წლისთვის დერეფნის გარდაქმნა გაცილებით კონკურენტულ, მდგრად და ზრდაზე ფოკუსირებულ სავაჭრო მარშრუტად.
ანგარიშის ძირითადი გზავნილები და რეკომენდაციები
ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ვაჭრობის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა აზიასა და ევროპას შორის, მაგრამ მისი სამომავლო წარმატება დამოკიდებული იქნება არა მარტო ახალი ინფრასტრუქტურის აშენებაზე, არამედ დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებაზეც.
ანალიზი მიუთითებს, რომ დერეფანზე მოთხოვნა შეიძლება არსებითად ამაღლდეს მომდევნო 15 წლის განმავლობაში, თუ ქვეყნები ითანამშრომლებენ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების და სერვისების გაფართოების მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე ხორციელდება, განვითარების მომდევნო ეტაპი მოითხოვს გაცილებით სწრაფ და საიმედო სერვისებს, ვაჭრობის უფრო ძლიერ ხელშეწყობას, გაცილებით მაღალ დიგიტალიზაციას და სასაზღვრო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას. ასეთი ღონისძიებები აუცილებელია მაღალი ღირებულების საკონტეინერო ვაჭრობის მოსაზიდად, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის ასამაღლებლად და რეგიონის მასშტაბით ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად. აღნიშნულის მიღწევის შემთხვევაში, ანგარიშის თანახმად, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან ერთად, 2040 წლისთვის დერეფანში გადაზიდვების საერთო მოცულობა შეიძლება გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის დრო ორი მესამედით შემცირდეს. კერძოდ, ამ სცენარით, შუა დერეფანს 2040 წლისთვის ტვირთების მთლიანი მოცულობის 3.6-ჯერ, მშპ-ის 3.3 პროცენტით და დასაქმების 2.9 პროცენტით გაზრდა შეუძლია მონაწილე ქვეყნებში.
შუა დერეფნის ეკონომიკური პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის ანგარიში მიუთითებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე, ესენია:
რას ნიშნავს ანგარიშის მიგნებები საქართველოსთვის
კასპიის და შავ ზღვებს შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობით საქართველოს უკვე აკისრია წამყვანი როლი ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC) და ქვეყანა მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს მისი მომავლის ფორმირებაში. ანგარიშის მიგნებები რეგიონთან დაკავშირებით მიუთითებს მკაფიო დღის წესრიგზე საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, გასაძლიერებლად: რაც გულისხმობს მიზნობრივი სარკინიგზო, საგზაო, საპორტო და ლოგისტიკური ინვესტიციების გაერთიანებას რეფორმებთან, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების გადაადგილების დაჩქარებას, პროგნოზირების გაუმჯობესებას, დიგიტალიზაციას და უკეთეს კოორდინაციას საზღვრების და ოპერატორების მასშტაბით.
ანგარიშის მიგნებები ხაზს უსვამს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან სარგებელს საქართველოსთვის. პროგნოზის მიხედვით, 2040 წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ის 3.61%-ით, ხოლო დასაქმების 0.79%-ით ზრდა და ასევე იმპორტ-ექსპორტის გაფართოება. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს კარგი პოზიცია აქვს დერეფნის გაცილებით ინტეგრირებული და ეფექტიანი ქსელიდან სარგებლის მიღების თვალსაზრისით.
შუა დერეფნის განვითარების მომდევნო ეტაპი გულისხმობს არა მარტო დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ის ეხება მთლიანი მარშრუტის ფუნქციონირებას ინტეგრირებული ლოგისტიკური სისტემის სახით. საქართველოსთვის ეს ნიშნავს თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გადათარგმნას გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებად სანდო სატრანსპორტო სერვისების, ძლიერი ინსტიტუტების, ციფრული კავშირების, კერძო ინვესტიციებისა და ღრმა რეგიონული თანამშრომლობის მეშვეობით.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერა შუა დერეფნის განვითარებისთვის:
ამჟამად, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პორტფელი შუა დერეფნის პროექტებისთვის ჯამში 7 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. ეს ინვესტიციები ხელს უწყობს დამატებით 11.5 მლრდ. აშშ დოლარის მობილიზებას კერძო კაპიტალის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების მხრიდან თანადაფინანსების, და სახელმწიფო დაფინანსების სახით. მომდევნო 1.2 მლრდ. აშშ დოლარი მზადების პროცესშია 2027 ფისკალური წლისთვის.
მსოფლიო ბანკმა საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის თანმიმდევრული ეტაპების თანადაფინანსება განახორციელა, რითაც ხელი შეუწყო ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო არტერიის განახლებას. აღნიშნულმა გრძელვადიანმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო ხარჯების შემცირებასა და დაკავშირებადობის გაუმჯობესებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე შუა დერეფნის ფარგლებში. ამჟამად მიმდინარე კახეთის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების პროექტი, (რომელიც 2022 წლის მარტში დამტკიცდა) აფართოვებს სატრანსპორტო დერეფანს თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის მიმართულებით. ხოლო 2026 წლის ივნისში მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული 372 მლნ. აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე ახალი პროექტი -ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი (TC-GATE) -ფოკუსირებულია დერეფნის გასწვრივ დარჩენილი საგზაო ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრაზე და სარკინიგზო სექტორის რეფორმებისა და მოდერნიზების მხარდაჭერაზე.
სხვა სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
02.10.2026.11:48
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი.