საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 52% 20 წელზე მეტი ასაკისაა - TBC Capital
TBC Capital საქართველოს ავტოინდუსტრიის კვლევას აქვეყნებს. საქართველოს ავტომობილების ფლოტი 2025 წლის პირველ 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა, რასაც ყველაზე მეტად ხელი მსუბუქმა ავტომობილებმა შეუწყეს.
პირველადი რეგისტრაციები 2025 წლის პირველ სამ კვარტალში 16%-ით გაიზარდა.
საავტომობილო ფლოტის 52% 20 წელზე მეტი ასაკისაა, თუმცა პირველად რეგისტრაციებში საშუალო ასაკის კლება და პრეპანდემიულ ნიშნულზე დაბლა ჩასვა ფლოტის განახლებისკენ მიანიშნებს.
2025 წლის პირველ 10 თვეში იმპორტი 5%-ით, ხოლო რეექსპორტი 13%-ით გაიზარდა.
ბოლო წლებში რეექსპორტის მარკეტზე ორი ქვეყანა, ყირგიზეთი და ყაზახეთი დომინირებს.
პატარა წილების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ სამ კავრტალში, პირველად რეგისტრაციებში ჰიბრიდი ავტომობილების რიცხვი წლიურად 24%-ით, ხოლო ელექტრო მანქანების რიცხვი წლიურად 81%-ით გაიზარდა.
პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ელექტრო ავტომობილების რაოდენობისა და წილის ზრდა ამ ტიპის მანქანების გაზრდილ პოპულარობაზე მიანიშნებს.
ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები ბოლო ორი წლის მანძილზე მცირდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. შემცირება ნაწილობრივ აიხსნება დაგროვებული მოთხოვნის უცაბედი რეალიზებით 2022 და 2023 წლებში.
საერთაშორისო დამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ავტომობილების რაოდენობას შორის აჩვენებს, რომ საქართველოს საავტომობილო ფლოტს ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.