საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება
სომხეთის კულტურის დღეები საქართველოში 2026 წლის ოქტომბერში გაიმართება და სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს მიეძღვნება.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, 3 სექტემბერს თბილისის სამუშაო ვიზიტით სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ტიგრან ვირაბიანი იმყოფებოდა. მან შეხვედრა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი. მხარეებმა სომხეთის კულტურის დღეების პროგრამის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალი შესაძლებლობები მიმოიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ასევე მოინახულა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბადრი მაისურაძეს შეხვდა.
საქართველოში სომხეთის კულტურის დღეების პროგრამა სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის გალა-კონცერტით გაიხსნება, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება.
სხვა სიახლეები
ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება
08.09.2026.11:38
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები და მოეწყობა განათების თანამედროვე სისტემები, რაც მოედნების გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
ასევე განთავსდება გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და დამხმარე სივრცეები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შექმნას.