საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს შპს „თიემთი“ ეწვია და კომპანიის განვითარების მიმართულებებს გაეცნო.
მინისტრმა საწარმოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და ხილ-ბოსტნეულის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილა.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რათა ქართულმა საწარმოებმა დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოებაში და ორიენტირებული გახდნენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტის წარმოებაზე. საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შპს „თიემთი“ 2016 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიის განვითარება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სააგენტოს თანადაფინანსების ჯამურმა რაოდენობამ 574 310 ლარი შეადგინა.
2016 და 2019 წლებში კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში საკონსერვო ქარხნის სარემონტო სამუშაოების მიმართულებით, ხოლო 2022 წელს, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი საწარმოს მშენებლობისთვის 488 038 ლარის თანადაფინანსება მიიღო.
დღეს შპს „თიემთი“ წლიურად 1500-2000 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებასა და შენახვას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე რეალიზდება.
საწარმოში მუდმივად 35 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონური სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე იზრდება.
შპს „თიემთიში” ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს - აშენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი
11.08.2026.15:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა.
ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის — საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის აშენებას.
სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.
პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია - იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ ისარგებლოს გზით და მიიღოს წვდომა საჭირო ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებზე.