საქართველოში წელს რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ ჩატარდება
27-28 ოქტომბერს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ასევე ფინტექ ინდუსტრიის, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.
ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოპები და პროფესიული შეხვედრები, სადაც მონაწილეები თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. სამიტის მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი, საქართველო, როგორც ფინანსური ინოვაციების რეგიონალური პლატფორმა და სხვა.
თბილისის ფინანსურ სამიტზე დაგეგმილია ჰაკათონის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და განხორციელებას.
„მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიება ქმნის შესაძლებლობას, საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალურ ფინანსურ და ინოვაციურ პროცესებში, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტიციები, გააძლიეროს პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან და ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
GFTN (Global Finance & Technology Network) სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ფინანსური ტექნოლოგიების, ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაში ჩართულ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წლიდან კი აღნიშნული ქსელის ნაწილი საქართველოც გახდა.
სხვა სიახლეები
როგორ შეუძლია თითოეულ მოქალაქეს საკუთარი საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაციის ნახვა
21.07.2026.19:14
„როგორც იცით, ეს რეფორმა 2018 წელს დაიწყო და 2019 წლიდან ვახდენთ შეგროვებას აქტივების. ჩვენი მონაწილეები არიან დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი მთელს საქართველოში ვინც კი მუშაობს და ასევე ინდმეწარმეები. როდესაც მუშაობას იწყებ, შენი ხელფასიდან 2% გადმოირიცხება საპენსიო ფონდში, რომელსაც ასევე 2%-ს ამატებს დამსაქმებელი და უმეტეს შემთხვევაში ხელფასის რაღაც დონემდე სახელმწიფო დამატებით წახალისებას ახდენს ამ რეფორმის და დამატებით 2%-ს გჩუქნის. ანუ პირველივე დღიდან, როდესაც მუშაობას იწყებ შენი ეს რომ წარმოვიდგინოთ 100 ლარიდან, 2 ლარი სამაგდება და ხდება 6 ლარი, ეს 6 ლარი მერე მოდის საინვესტიციო სამსახურში, საპენსიო ფონდში და ხდება ამ 6 ლარის ინვესტირება. ამ 6 ლარზე დამატებით ინვესტიციების შედეგად ვიღებთ ამონაგებს, რაც როგორც აღვნიშნეთ რაც ფონდი გაეშვა დაახლოებით 10-11% არის ყოველწლიური მაჩვენებელი და ეს მოგება პროპორციულად ყველა მონაწილეს ვისაც რამდენი დანაზოგი აქვს იმის პროპორციულად უნაწილდება. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ყველა ადამიანს აქვს თავისი საპენსიო გვერდი, რომელიც ჩვენს საიტზე არის ხელმისაწვდომი. შეგიძლია შეხვიდე და ნახო შენ მიერ შეტანილი თანხების მოცულობა, რომელმა დამსაქმებელმა რამდენი თანხა შეიტანა, სახელმწიფომ რამდენი კონტრიბუცია გააკეთა, საინვესტიციო ამონაგები რა იყო და ეს ყველაფერი არის ძალიან ღიად ნაჩვენები. გარდა ამისა, იმის მიხედვით რომელი პორტფელი გაქვს არჩეული ნაჩვენები არის ეს შენი მთლიანი დანაზოგი როგორ არის განაწილებული აქტივების მიხედვით, სად არის, რა პროცენტი არის დეპოზიტებში, რა პროცენტი არის სახაზინო ობლიგაციებში და რა პროცენტი არის აქციებში და ეს არის ძალიან გამჭვირვალე. უბრალოდ ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის რომ ეს არსებობს და შეუძლია რომ ნახონ. გარდა იმისა რომ მობილურში ვხედავთ, მობაილ ბანკში ამ თანხას“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.