სარაჯიშვილის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
სარაჯიშვილის გამზირზე დასრულებული გამწვანების პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ გლდანის რაიონში, კონიაკის დასახლებაში. გზაგამყოფი სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ტრამვაი დადიოდა, მთლიანად მოწესრიგდა - მოეწყო ველობილიკი, სასეირნო სივრცე, გამწვანდა, გარდა ამისა, რეაბილიტირდა სარაჯიშვილის სკვერი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საპარკინგე სივრცედ იყო ქცეული. დღეს თქვენ ხედავთ, როგორი გამწვანებულია და მოწესრიგებულია. ასევე განხორციელდა ლიბანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროექტი. იქაც ხე-მცენარეები დაირგო, განათების სისტემა მოეწყო, საპარკე ინვენტარი განთავსდა, ბავშვებისთვის გამოიყო სპეციალური სივრცე, ასევე ტრენაჟორების სივრცე. ადგილობრივი მოსახლეობა ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, ჩვენი დაპირება იყო, რომ მოვაწესრიგებდით და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატული მეტრს შეადგენს, მოეწყო საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 104 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 668 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გზაგამყოფი გამწვანებული კუნძულები, სადაც დაირგო 174 ძირი ნერგი და 1 983 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.
სარაჯიშვილის სკვერში, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები და განთავსდა საპარკე ავეჯი. აქაც, რასაკვირველია დაირგო 584 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 3 804 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.
რაც შეეხება ლიბანის სკვერს, 21 000 კვადრატულ მეტრზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, დამატებით მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის სოკო, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სკეიტ პარკი, ასევე განთავსდა საპარკე ინვენტარი, დაირგო 1 600 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 15 121 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი.
ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების ფარგლებში, 52 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 7 462 ძირი ნერგი დაირგო, ხოლო 36 576 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი. აღნიშნული პროექტების ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.