სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება 10 სამუშაო დღეში შესაძლებელი გახდა
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ შესაბამისი ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების ვადა კალენდარული დღეების ნაცვლად სამუშაო დღეებით განისაზღვრა. ლიცენზიით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მომსახურება მიიღონ განსხვავებული ვადებითა და დიფერენცირებული საფასურით.
ამასთან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებით და გეოსაინფორმაციო პაკეტი 10 სამუშაო დღეში მიიღონ.
შემცირებული ვადები და მომსახურების საფასურის დიფერენცირება ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას სთავაზობს, თავად აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების ვადა და საფასური.
ცვლილებებით მოწესრიგდა გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხები, მათ შორის განისაზღვრა მომსახურების ვადის კორექტირების შესაძლებლობა მისი დაჩქარების მიზნით. დამატებით გაიწერა მომსახურების შესახებ შეტყობინების ჩაბარების/გაცნობის პროცედურები და საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.
განახლებული რეგულაციებით გამარტივდა სალიცენზიო ტერიტორიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის საკითხიც. სალიცენზიო განაცხადის წარმოდგენისას უქმდება გეოინფორმაციული სისტემის ფაილის (shape) წარმოდგენის ვალდებულება და საკმარისი იქნება ტერიტორიის ადგილმდებარეობის ამსახველი X და Y კოორდინატების წარმოდგენა.
ლიცენზიის გაცემისთვის ადმინისტარაციული ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს სასარგებლო წიაღისეულის რაციონალურ და პასუხისმგებლიან მართვას, პროცესის გამჭვირვალობის ზრდასა და ბიზნესისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.