სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით.
სამინისტრის ცნობით, სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“, - განმარტავენ სამინისტროში.
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
06.07.2026.18:37
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.