სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი არ არის მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება, ეს ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა - ნიკოლოზ კახეთელიძე
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში განხორციელდა, სატრანსპორტო რეფორმაა.
„დედაქალაქის მთავრობის მიერ წარმოებული სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტი არ არის მხოლოდ ქუჩაში მოძრაობის მოწესრიგება, ეს ჩვენს ცნობიერებაში ახალი, ევროპული ფილოსოფიის შემოტანაა. ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ქალაქში არავის ახსოვდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში დაუსრულებელი მშენებლობების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დღეს ზარალის ანაზღაურების და ნორმალურ პირობებში ცხოვრების რეალური იმედი გაუჩნდა.
„ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის განხორციელების ვალდებულებაც კახა კალაძეს არ ჰქონდა, მაგრამ ეს თანაზიარობის მომენტია. სწორედ ეს არის ევროპული მიდგომა ქალაქთანაც და ერთმანეთთანაც“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.