სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.
ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა", - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია", - აცხადებს ნინო ჯელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.
სხვა სიახლეები
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება
21.09.2026.11:38
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზეც.
მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება როგორც გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი, ისე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან. მათ შორის, კონტროლდება ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის ხარისხი, არმატურა, გზის საფუძვლის ფენები, საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობა, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე, ქვეშეთი–კობის პროექტზე მიმდინარე გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა საყრდენი კედლებისა და გვირაბის კედლების მოსაწყობად გამოყენებული ბეტონის ხარისხი. ასევე განხორციელდა 9-კილომეტრიანი მთავარი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბების ტოპოგრაფიული აგეგმვა.
შემოწმების შედეგები შესაბამისი დასკვნების მომზადების საფუძველია, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის გეგმურ მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებს.