სებ-ის ახალი წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა - ნინო ჯელაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ახალ წესზე ისაუბრა.
ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი შეიმუშავა, რომელიც სტაბილქოინის პირველად შეთავაზებას აწესრიგებს. რეგულაცია მიზნად ისახავს როგორც არსებული რეგულაციების შეფასებას, ისე სამომავლო რისკების განსაზღვრას, რაც მათ შორის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების ე.წ. სტაბილქოინის პირველადი შეთავაზების წესი. უპირველეს ყოვლისა, წესის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფინანსო სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება ახალი წესის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივები 100%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარეზერვო აქტივებით, რომლებიც მაღალ ლიკვიდურობასა და რეიტინგს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან, გამოშვების პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შეთავაზების დოკუმენტით იწყება და გარე აუდიტორების შემოწმებით გრძელდება, რათა საზოგადოებას ემიტენტების, რეზერვებისა და რისკების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
ნინო ჯელაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „რეგულირების პროცესში ეროვნული ბანკი ისეთ საერთაშორისო პრაქტიკებს დაეყრდნო, როგორებიცაა ევროკავშირის, ამერიკის, სინგაპურის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი რეგულაციები ვირტუალური აქტივების სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივების რეგულირების და საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ჯელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას.
სხვა სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადების საკითხზე საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა
11.09.2026.16:44
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს შეხვდა. საორგანიზაციო შეხვედრაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი სამუშაოები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საბაზისო-თემატური გეგმა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციასა და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას. დოკუმენტზე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ მუშაობს.
მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგარ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, სამტრედიის საკრებულოს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, საპროექტო ჯგუფთან ერთად გეგმარებითი არეალიც დაათვალიერეს.