სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ დანიის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ დანიის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის სადისკუსიო თემა დიჯიტალიზაცია და გადახდების ახალ სახეობებზე მსჯელობა იყო. ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. გაცვალეს ხედვები კონკრეტულად რა სახეობებია დანერგილი სხვადასხვა ქვეყანაში და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალმა საგადახდო საშუალებებმა ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებზე.
„დიჯიტალიზაცია არის მომავალი, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში. მაშინ როდესაც ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების როლი საფინანსო სექტორში სწრაფად მზარდია, სექტორის მომავალი ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქალების როლს ცენტრალური ბანკების მმართველობაში. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალების ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვას და თავად ეროვნულ ბანკში მაღალი მენეჯმენტის ყველა წევრი და საბჭოს უმრავლესობა ქალბატონია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 25 ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის, ფედერალური სარეზერვო ბანკის, ინგლისის ბანკის, ევროპის ცენტრალური ბანკის, გერმანიის გერმანიის ცენტრალური ბანკი, დანიის, საფრანგეთის, იტალიის, ფინეთის, ავსტრიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, თურქეთის, ირლანდიის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ცენტრალური ქალი ბანკირები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.