სექტემბრიდან დავიწყებთ 9 ახალი პროექტის განხორციელებას, მათ შორის 2 ახალი სადოქტორო პროგრამაა - KIU-ს რექტორი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) „ქართუ“-ს მიერ განათლების სექტორში ჩადებული 1 მლრდ-იანი ინვესტიციის შედეგად გაიხსნა, სადაც გაფართოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ხორციელდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა, კამპუსის განვითარება საბოლოო ჯამში 60 ჰა-ზე მოხდება და გათვლა 30 ათას სტუდენტზე კეთდება.
„ცხადია ამ მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში არ ხორციელდება. მოგეხსენებათ ფონდი „ქართუ“ 1 მლრდ დოლარის მოცულობით ახორციელებს ამ პროექტს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა. ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ინატროს ევროპის მაღალგანვითარებულმა უნივერსიტეტმა. ეს ინფრასტრუქტურა წელს გაცილებით უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანია, რომ კამპუსზე, რომელიც მოიცავს 60 ჰა-ს ინფრასტრუქტურა განვითარდეს, დაახლოებით 30 ათას სტუდენტზე გვაქვს გათვლა. უკვე სექტემბრიდან დავიწყებთ 9 ახალი პროექტის განხორციელებას, მათ შორის 2 ახალი სადოქტორო პროგრამაა. ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს მედიცინის და დიზაინის მიმართულებით ნეაპოლის უნივერსიტეტთან და ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ აქვე მიიღონ ევროპული დიპლომი, მაღალი დონის განათლება. ესეც სიმბოლურია, ნეაპოლში არის პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაფუძნებული პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია.
ჩვენ გვექნება ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიის მიმართულებით. გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საქპატენტთან ერთად და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე, გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და იურიდიული ფაკულტეტიც, რომელიც ასევე დაეფუძნება ახალ მიდგომებს, სწავლების ახალ მეთოდს.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც ახალ უნივერსიტეტს, შეგვიძლია ახალ მიდგომებზე დაფუძნებული სპეციალობები განვავითაროთ. ჩვენ არ გვინდა გავიმეოროთ კლასიკური, სტანდარტული, იმიტომ, რომ ცვლილება ყველაფერს ეხება. ცვლილება უნდა შეეხოს განათლების სფეროსაც. ჩვენ მაქსიმალურად მზად და რაც მთავარია ღია ვართ“, - აცხადებს გიორგი ხუბუა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.