სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა
დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.
ახალი მომსახურებები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლისა და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
„საქართველოს მელიორაციის" მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ისე დროებით მფლობელებს. სერვისის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყოს შპს „საქართველოს მელიორაციაში" მომხმარებლად და ჰქონდეს მინიჭებული უნიკალური ნომერი.
ახალი სერვისების მიწოდების პროცესს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ადგილზე გაეცნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი.
ახალი მომსახურების დანერგვით იუსტიციის სახლში მელიორაციის სერვისების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომსახურების არეალს მუდმივად აფართოებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.