სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა სხვადასხვა კრიტიკული სისტემური ხარვეზი. მათ შორის:
სისტემური დაყოვნება - კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო საკითხებთან დაკავშირებული მასალების კომისიაში წარმოდგენის სისტემურ დაყოვნებას, რაც აფერხებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის პროცესს;
ქმედითი ღონისძიებების არარსებობა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მოთხოვნის საფუძველზე, საკითხის დეტალურად შესწავლისთვის მიეცა დამატებითი გონივრული ვადა, კომპანიამ კომისიაში არ წარმოადგინა პრობლემების აღმოფხვრის ქმედითი და არგუმენტირებული გეგმა/ინფორმაცია;
მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების უგულებელყოფა: კომპანიის მხრიდან კომისიის ოფიციალური მოთხოვნებისა და დადგენილი ვადების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციული პროცესის ეფექტიანობასა და მარეგულირებელი კონტროლის მექანიზმების ჯეროვან შესრულებას.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საჯარო სხდომაზე განემარტა, რომ აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული გაორმაგებული ჯარიმა.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
09.11.2026.15:14
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეს და 200 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ალკოჰოლური სასმლისთვის განკუთვნილი 500 000 ცალი ყალბი აქციზური მარკის უცხო ქვეყანაში დამზადებასა და საქართველოში შემოტანას დაჰპირდნენ. ყალბი აქციზური მარკების შემოტანას ბრალდებულები რამდენიმე ეტაპად გეგმავდნენ. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყალბი აქციზური მარკების შემოტანისა და გასაღების პირველივე ფაქტზე დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში ჩამოიტანეს 100 000 ერთეული და 40 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს საქართველოს მოქალაქეს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.