სემეკმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში” ცვლილებები შეიტანა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში” ცვლილებები შეიტანა, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ცვლილებები განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონშიგანხორციელებული ცვლილებითა და ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის შიდა ბაზრების დირექტივით (Directive (EU)2019/944).
ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართვა, იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში, სადაც სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ პიკური დატვირთვის 20%-ს გადააჭარბა.
ნეტო დარიცხვის სქემაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატსაათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, ქსელში მიწოდებულ თითოეულ კილოვატსაათზე მიიღებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილ ფასს, ხოლო ქსელიდან მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს. ქსელში მიწოდებული და იმავე საანგარიშო პერიოდში ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებები გაიქვითება ერთმანეთში. გაქვითვის შედეგად დარჩენილი დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდში,ელექტროენერგიის მომსახურების საფასურის დასაფარად.
აღნიშნული მექანიზმი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებისთვის უზრუნველყოფს ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვას, კომისიის მიერ განსაზღვრული ფასით. იმავდროულად, ასეთი მომხმარებელი, როგორც ყველა სხვა საბოლოო მომხმარებელი, მიწოდებულ ელექტროენერგიასთან ერთად, გადაიხდის სასისტემო მომსახურების საფასურს.
საჯარო მომსახურების ფარგლებში არსებული მიმწოდებლებისგან განსხვავებით, თავისუფალი მიმწოდებელი თავად გადაწყვეტს შეისყიდოს თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისაგან გამომუშავებული ელექტროენერგია და რა ფასად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება მიწოდების ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის“ წესებით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული ანგარიშსწორების წესი.
ცვლილებით ასევე რეგულირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას. ასეთ დროს, ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულება უჩნდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
ხელშეკრულების შეწყვეტის ან საჯარო მომსახურების ფარგლებში მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მომხმარებლის ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახულ თანხას მიმწოდებელი გამოიყენებს მიწოდების მომსახურების საფასურის დასაფარად, ხოლო დარჩენილი დადებითი ნაშთი მომხმარებელს დაუბრუნდება საბანკო ანგარიშზე.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში 2025 წლის 10 ივნისს შესული ცვლილებებით, სემეკს ასევე უფლებამოსილება მიენიჭა ნეტო დარიცხვის სქემა დაადგინოს ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მიერთდება გამანაწილებელ ქსელთან. ამასთანავე, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე ნეტო აღრიცხვის სქემით მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლის 1-ელ იანვრამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისთვის არსებული პირობებით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.