სემეკმა რეგულირებული გენერაციის ობიექტების აუდიტის ანგარიშები მოისმინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის გენერაციის 6 რეგულირებადი საწარმოს მარეგულირებელი აუდიტის შედეგები მოისმინა და დადებითად შეაფასა. სემეკის მიერ ჩატარებული მარეგულირებელი აუდიტის შედეგად, 4 თბოსადგურისა და 2 ჰიდროელექტროსადგურის დანახარჯები ჯამში 21 მლნლარამდე შემცირდა, რაც ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე დადებითად აისახება.
მათ შორის, შემცირება შეეხო საოპერაციო დანახარჯებს - 12,2 მლნ ლარით, ინვესტიციების ნაწილს - 8,1 მლნ ლარით, ხოლო შესამცირებელი სხვა საოპერაციო შემოსავალი განისაზღვრა - 0,5 მლნ ლარით.
საჯარო სხდომაზე კომისიამ მოისმინა სს „ხრამჰესი I“-სა და სს „ხრამჰესი II“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები, ასევე შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, შპს „ჯიფაუერის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ და შპს „მტკვარი ენერჯის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები.
მარეგულირებელი აუდიტის საფუძველზე კომპანიებს განესაზღვრათ კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების მაჩვენებლები ახალი სატარიფო წლისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.