სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა - გიორგი ფანგანი
პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ფორუმის მასპინძლობის შესახებ პრეზენტაცია და საინფორმაციო რგოლი წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მაღალი რანგის დელეგატებმა უმაღლესი შეფასება მისცეს.
ფორუმს ესწრებოდა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.
გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მონაწილეებს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიების ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიის განვითარების მნიშვნელობაზე.
გიორგი ფანგანი: „მაღალი კონკურენციის პირობებში, სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა, რაც არის არა მხოლოდ სემეკის, არამედ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დიდი გამარჯვება და სემეკის, როგორც წარმატებული მარეგულირებელი უწყების აღიარება მსოფლიო მასშტაბით. მარეგულირებელ ორგანოებსა და ენერგეტიკის პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ სამართლიანი მიდგომების, კონკურენციის, ინოვაციების ხელშეწყობისა და მდგრადი ენერგეტიკის სტანდარტების დანერგვაში. შესაბამისად, ყველა ძირითადი მოთამაშის ეფექტური თანამშრომლობა, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნების ენერგეტიკული მიმართულებების მუდმივი განვითარება“.
2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.