სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, საქსტატი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას უზრუნველყოფს კომისიის ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო კომისია საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა:
„დღეს გაფორმდა მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სემეკს შორის, რომლის მიზანიცაა, როგორც სემეკის მხრიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ასევე საქსტატის მიერ სემეკის უზრუნველყოფა დამუშავებული, ახალი სტატისტიკური მონაცემებით“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ენერგეტიკის სექტორში არსებული რეფორმების მიმდინარეობის ფონზე მნიშვნელოვანია უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება:
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელებისათვის, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი, სანდო სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას. შეთანხმების შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სემეკს დაეხმარება ენერგეტიკული პორტალის შექმნაში, სადაც განთავსდება ენერგეტიკის სექტორის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია. გარდა ამისა, მხარეები შევთანხმდით, რომ მემორანდუმის ფარგლებში არაერთ სხვა საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შესაბამისად გათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.