სემეკში რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე განიხილეს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროექტების შესრულების პროცესზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაჩქარდებ სამუშაოების განხორციელება, რომელსაც მონიტორინგს გაუწევენ რუსთავის მერია და სემეკი.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე რუსთავში მიმდინარე პროექტები რამდენიმე დღის წინ ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ 2022-2024 წლებში რუსთავის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა
09.06.2026.19:00
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ დირექტორს, კლემენს კალისა და მმართველ დირექტორს, ჯეიკობ იანგს შეხვდა.
შეხვედრაზე საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებს, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს.
საუბარი შეეხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საკითხებს, მიმოხილულ იქნა მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მზარდი საერთაშორისო ინტერესი და გამოშვების შედეგები.
ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორების დაინტერესებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელი ირაკლი კაჭარავა.