სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკითხების უმეტესობა შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადებს.
საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ცვლილებები შევიდა კომისიის გადაწყვეტილებაში „საირიგაციო სისტემაზე განაცხადის ფორმებისა და მათთან დაკავშირებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცების შესახებ“. ამასთანავე, შპს „მარნეულის სოფწყალს“ დაევალა წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის სემეკში წარდგენა მიმდინარე წლის 31 მარტამდე.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს, მომსახურე კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში მიმართონ სემეკს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.
სხვა სიახლეები
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06.10.2026.14:35
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.