სემეკში შესული საჩივრების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2024 წლის განმავლობაში 50 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 274 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. სემეკის მიერ მიღებული გადაწვეტილებებით, განხილული საკითხების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
2024 წელს, სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, მომარაგების ხშირ წყვეტებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებსა და პროცედურებს. სემეკის გადაწყვეტილებებით, გასულ წელს ჯამში მოქალაქეებს ჩამოაწერათ 2 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნაური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 1 239 570 ლარი.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან ოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.